24 სექტემბერი 2026,   17:58
ვრცლად
"დიახ, მათ დაგვარტყეს, მაგრამ მუხლი არ მოვიდრიკეთ" - მასუდ ფეზეშქიანი გაეროში

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანი ტერორიზმის მსხვერპლია და არა მისი შემოქმედი, — ინფორმაციას მედია ავრცელებს.

აღნიშნული განცხადებით ირანის ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინა დღეს გაჟღერებულ მუქარას გამოეხმაურა, რომელიც ისლამური რესპუბლიკის „განადგურებით“ დაიმუქრა.
უცხო ქვეყნის ლიდერმა მსოფლიო ორგანიზაციას მიმართა იმ ფონზე, როდესაც მისი ქვეყანა მასპინძელ სახელმწიფოსთან ომში იმყოფება.

სიტყვით გამოსვლის დასაწყისში ფეზეშქიანმა აწია ომის პირველ დღეს მინაბში, „შაჯარათ ალ-ტაიიბას“ სკოლაზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპული ბავშვების ფოტოები, რასაც 156 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასევე იმავე იერიშის დროს მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ფოტო. მან ასევე გაიხსენა აშშ-ის მიერ სპორტულ დარბაზზე მიტანილი იერიშიც.

„აშშ-ის პრეზიდენტმა ტერორისტებად მოგვხსენია. ჩვენ ტერორიზმის მსხვერპლნი ვართ“, - განაცხადა ფეზეშქიანმა.

ირანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა მხოლოდ დამოუკიდებლად ცხოვრებას ცდილობს. მისივე თქმით, ირანს სამხედრო შესაძლებლობები მხოლოდ თავდაცვისთვის სჭირდება და სხვა სახელმწიფოთა თავდასხმის განზრახვა არ აქვს.

ფეზეშქიანის გამოსვლის პარალელურად, აშშ-ის დელეგაციამ დარბაზი დატოვა. მან სიტყვა დონალდ ტრამპისადმი მიმართული გზავნილით დაასრულა: „დიახ, მათ დაგვარტყეს, მაგრამ მუხლი არ მოვდრიკეთ“.

დღის ამბები