24 სექტემბერი 2026,   16:36
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ინსულტის მართვის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში ინსულტით გამოწვეული ტვირთის შემცირების საკითხზე გამართულ შეხვედრას დაესწრო.

მიხეილ სარჯველაძე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და მონაწილეებს ინსულტის მართვის ეროვნული სისტემის გასაძლიერებლად საქართველოში გატარებული რეფორმები გააცნო.

„2023 წელს საქართველომ დანერგა ინსულტის მართვის ორდონიანი მოდელი, რომელიც მოიცავს ინსულტის პირველად განყოფილებებსა და სრულყოფილ ნეიროვასკულურ ცენტრებს. დღეს ჩვენს ინსულტის მართვის ეროვნულ ქსელში 60-ზე მეტი საავადმყოფოა ჩართული.

გავაფართოვეთ მწვავე ინსულტის მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში. სისტემური თრომბოლიზისი დღეს უკვე რუტინულად არის ხელმისაწვდომი და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ხოლო მექანიკური თრომბექტომიის მომსახურება სპეციალიზებულ ცენტრებში ეტაპობრივად ფართოვდება.

ამასთანავე, გავაუმჯობესეთ ინსულტის პრეჰოსპიტალური მართვის სისტემა და გავაძლიერეთ მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო მომსახურებები“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ინსულტის პრევენციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიზნით ძლიერდება საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემა. მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჰიპერტენზიის მართვასა და გულ-სისხლძარღვთა რისკების შეფასებას, რაც ხელს უწყობს რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების ადრეულ გამოვლენას, რისკ-ფაქტორების ეფექტიან მართვასა და პრევენცირებადი ინსულტების შემთხვევების შემცირებას.

„ჩვენი მიზანია პაციენტის მკურნალობის მთელი პროცესის განმავლობაში უფრო ინტეგრირებული და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის ჩამოყალიბება.

ამასთან, ვაცნობიერებთ, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება. აუცილებელია მეორეული პრევენციის, რეაბილიტაციის, ხანგრძლივი მოვლისა და ჯანდაცვის სფეროში ადამიანური რესურსების შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება.

ჩვენ ასევე მნიშვნელოვან პრიორიტეტად მივიჩნევთ ინსულტის ეროვნული რეესტრის შექმნასა და ხარისხის მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს კლინიკური შედეგების გაუმჯობესებას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს.

დღის ამბები