გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
საქართველო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანაა.
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრაში ჯგუფის თანათავმჯდომარის რანგში მიიღო მონაწილეობა.
მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2013 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობის მოცვის მაჩვენებელი 95%-ზე მეტად გაიზარდა. მისი თქმით, ეტაპობრივად გაფართოვდა სამედიცინო მომსახურების პაკეტი, შემცირდა პაციენტის თანაგადახდები და გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები.
მინისტრის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. ამ პროცესის გაგრძელებაა რეფორმების ახალი ეტაპი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 2025 წელს დაწყებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მიზნად ისახავს დაავადებების პრევენციისა და ადრეული გამოვლენის გაძლიერებას, ქრონიკული დაავადებების უკეთ მართვას და პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფას.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვის დაფინანსებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. ყურადღება გაამახვილა სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე და სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასის სტანდარტების დანერგვაზე.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები საქართველოსთან ერთად იაპონია და ტაილანდიც არიან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისა და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა.