კოვიდპანდემიის დროს ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის შესწავლა გაგრძელდება.
გენერალური პროკურორი დღეს ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, გაიოზ ჩარკვიანმა ჩარკვიანმა განაცხადა, რომ შიმშილობას წყვეტს.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის შესწავლას განაგრძობს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო. პროცესში გაიოზ ჩარკვიანიც იქნება ჩართული. შეხვედრაზე კი ახალგაზრდა ფეხბურთელის მამას კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია საქმის დეტალების, გამოძიების და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.
"შევხვდით ბატონ გაიოზ ჩარკვიანს. შეხვედრის ფარგლებში, განვიხილეთ გარკვეული დეტალები, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმეს. ამავდროულად, შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი.
საქმეს განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განხილვადი საბჭო, შესაბამისად ამ ფორმატში გაგრძელდება ჩვენი მუშაობა. გიდასტურებთ, რომ დღევანდელი სამუშაო შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი.
დაზარალებული მხარე უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სამუშაო პროცესებში. ასევე უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება საზოგადოებას ინფორმაცია მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კონკრეტული ვადებს რაც შეეხება, იქნება გონივრული ვადა, რომელშიც მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს დაზარალებული", - განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.
ცნობისთვის, ფაქტზე გამოძიება 2021 წელს დაიწყო. პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა განახორციელა 3 პირის მიმართ. გამოძიების ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების უფროსმა და ექიმმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და კლინიკური მართვის წესი დაარღვიეს, რის გამოც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.