"წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს", - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფესტივალს, რომელიც გორში ხვალ უნდა გამართულიყო.
ევროკავშირის საელჩოსა და დანიის კულტურის ინსტიტუტის დაფინანსებით ღონისძიებაზე მთავარ შემსრულებლად ალექსანდრე კორძაია იყო მიწვეული. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპოზიციასთან დაკავშირებული იმ არტისტის დაფინანსება, რომელიც სიძულვილის ენას ავრცელებს, ლიბერალური ფაშიზმის გამოხატულებაა.
ევროპელმა დონორებმა კონცერტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება სოციალური ქსელით გაავრცელეს, რასაც თავად "კორძის" მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მუსიკოსმა დაწერა, რომ დამფინანსებლებმა მის მიმართ სათანადო ყურადღება არ გამოიჩინეს. პოსტს მალევე მოჰყვა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება - დიპლომატიურმა უწყებამ წუხილი გამოთქვა ფესტივალის გაუქმების გამო და "კორძის" დაფინანსების მიზეზად უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება დაასახელა. "ქართულ ოცნებაში" საელჩოს პოზიციას დამცინავს უწოდებენ. მმართველი გუნდის განმარტებით, დიპლომატიური უწყება ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელის დაფინანსებით, რადიკალიზმის გაღვივებას ხელს უწყობს.
სიძულვილის ენის წახალისებას არ გმობენ ოპოზიციაში. გახარიას პარტიაში უარს ამბობენ ქართველი ხალხის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებაზეც.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ ევროკავშირი რადიკალიზმის დაფინანსებით საქართველოში პოლიტიკური გაერთიანების რეპუტაციას სერიოზულ ზიანს აყენებს. კანონმდებლები არც იმას გამორიცხავენ, რომ ექსტრემიზმთან დაკავშირებული პირებისა თუ აქტივობების დაფინანსება ბრიუსელმა მომავალშიც გააგრძელოს. მიზეზად - ქვეყანაში პოლარიზაციის გაზრდა და არეულობის მოწყობის მცდელობა სახელდება.
ფესტივალი "კამარა" გორის ხელოვნების სახლში 26 სექტემბერს უნდა გამართულიყო. "რუსთავი 2"-მა ევროკავშირის წარმომადგენლობასა და დანიის საელჩოს 5 დღის წინ წერილობითი ფორმით კითხვებიც გაუგზავნა. ხომ არ ახალისებს "კორძის" დაფინანსება ქვეყანაში სიძულვილის ენის გაღვივებას, რადიკალიზმს და პოლარიზაციის ზრდას - დიპლომატიურმა მისიებმა ჩვენთან პოზიციის დაფიქსირებას დუმილი ამჯობინეს.