25 სექტემბერი 2026,   23:25
ვრცლად
ინვესტიციები, სატრანზიტო ჰაბი და მშვიდობიანი დეოკუპაცია - ირაკლი კობახიძის მთავარი გზავნილები გაეროს 81-ე სესიაზე

გაეროს 81-ე სესიაზე მთავრობის მეთაურის სიტყვა 3 მთავარ მიმართულებას შეეხო - ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, საქართველოს როლს საერთაშორისო დაკავშირებადობის კუთხით და ოკუპაციას.

პრემიერ მინისტრმა მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეახსენა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკით უნდა მოხდეს, გეოპოლიტიკური ვითარების მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე კი, მშვიდობის შენარჩუნება პრიორიტეტად რჩება.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავრობის ინტერესია თანმიმდევრული მოქმედებებით მიღებული სიკეთით დროებით ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობამაც ისარგებლოს.

თანამშრომლობის ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნისთვის რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს - პრემიერ მინისტრმა გამოსვლის დროს დეტალურად განმარტა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყნის ხელსაყრელი მდებარეობა ცენტრალური აზიის და ევროპის დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს და შავ ზღვაზე გასასვლელი ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება 2 მილიარდ 300 მილიონი მომხმარებლისგან შემდგარ ბაზარზე წვდომას უზრუნველყოფს. დაკავშირებადობის მხარდაჭერის შედეგად საქართველო 7 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს სარკინიგზო ქსელის მოდერნიზებაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობასა და ავტომაგისტრალების ქსელის გაფართოებაში. გეგმები კი არა ამბიციებს, არამედ საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ეფუძნება.

პროგრესის მიღწევა და მთავრობის მიერ გაწერილი გეგმების განხორციელება ირაკლი კობახიძის განცხადებით სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გარეშე რთული წარმოსადგენია. სწორედ ამიტომ გაეროს ტრიბუნიდან მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაგრძელების მზადყოფნა. თუმცა მთავარი კრიტერიუმის დაცვით - კავშირები ურთიერთპატივისცემასა და სუვერენული თანასწორობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს.

გაეროს 81-ე სესიის ფარგლებში გუშინ სიტყვით 35 სახელმწიფოს ლიდერი გამოვიდა. გენერალური დებატები 22 სექტემბერს გაიხსნა და 28-ში დასრულდება.

დღის ამბები