26 სექტემბერი 2026,   18:36
ვრცლად
ნარკოდანაშაულზე "ნაცმოძრაობის" ბრალდებებს "ქართული ოცნება" პასუხობს - მმართველი გუნდი ოპონენტებს დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ბრალს ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესრულებაში სდებს. მორიგი მითითება კი, მმართველი პარტიის თქმით, მიზანმიმართული და დეზინფორმაციული კამპანიით ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის დისკრედიტაციაა.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის გუნდის ეს მიზანი რეალობად ვერც ამჯერად იქცევა, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ის, ვინც საქართველო დანაშაულებრივი რეჟიმისგან გაათავისუფლა და ამით ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დააბრუნა.

ანი წითლიძის ბრალდებების ადრესატი "ქართული ოცნება" და მისი დამფუძნებელი დღეს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია-პერფორმანსზე გახდა. სააკაშვილის გუნდის წევრი ამტკიცებდა, რომ საქართველოში ნარკოდანაშაული გაზრდილია, ამაზე პასუხისმგებლობას კი ხელისუფლებას აკისრებდა. ბრალდებების ავტორს ვკითხეთ, თუ რა მტკიცებულებებსა და არგუმენტებს ეფუძნება მისი სიტყვები? თუმცა, ანი წითლიძისგან კონკრეტული ფაქტები ვერ მოვისმინეთ.

წითლიძის ამ ბრალდებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა აბათილებს. ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ამის დასტური კი არაერთი საგამოძიებო მოქმედება და მის შედეგად გამოვლენილი ნარკორეალიზაციის ფაქტებია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციები, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ათასობით ადამიანი, ამოღებული და განადგურებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მხოლოდ ბოლო 8 თვის განმავლობაში თითქმის 10 000-მდე ნარკოდანაშაულის ფაქტია გამოვლენილი, მათგან 92 პროცენტი უკვე გახსნილია.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უსაფუძვლო ბრალდებები და საკუთარი დანაშაულის სხვისთვის გადაბრალება "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა. ყოფილ სახელისუფლებო პარტიას დღეს მმართველი გუნდის წევრებმა პოლიტიკური და სამართლებრივი წარსული გაახსენეს და თქვეს, რომ მკვლელობა, წამება, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სწორედ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხდებოდა. ეს კი, უმრავლესობის თქმით, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო მართლმსაჯულებითაც უკვე დადასტურებული ფაქტებია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სახელისუფლებო გუნდიდან დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ მანიპულაციური გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ გამოუვათ. უმრავლესობის თქმით, ქართველ ხალხს ყველაზე კარგად ახსოვს, თუ რა მძიმე დანაშაულები უკავშირდება სააკაშვილსა და მის გუნდს.


ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები