25 სექტემბერი 2026,   23:02
ვრცლად
ბრალდებულებმა ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებს უპირობა მორჩილება აღუთქვეს - დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც "აისისში" იყვნენ გაწევრიანებულები

ტერორისტული ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გარდაბანში იმ დროს დააკავა, როდესაც ის ქუჩაში გადაადგილდებოდა. კიდევ ერთი ბრალდებულის დასაკავებლად კი სპეცოპერაცია ქარელის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის მიმართ ფიცი დადეს და დანაშაულებრივ საქმიანობაში უპირობა მორჩილება აღუთქვეს. პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას აღმოჩენილია “ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ატრიბუტიკა და სხვა მტკიცებულებები.

ტერორიზმის საქმეზე ორივე ბრალდებული უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანა. ბრალდებულები უკვე მოინახულეს ადვოკატებმა.

"კურიერი" დღეს ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზეც იმყოფებოდა. დაკავებულის ოჯახის წევრები "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის გამოჩენას აგრესიულად შეხვდნენ. მეზობლები ადასტურებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა აიყვანეს.

ორივე დაკავებულს ბრალი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე წარედგინათ. პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულები მზად იყვნენ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ნებისმიერი დავალება შეესრულებინათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები