"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის პროექტის დასკვნით ეტაპზე გადავიდა.
კომპანიამ სრულად განაახლა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა - შეიცვალა 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყლისა და წყალარინების ქსელები, განახლდა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, საკვანძო ჭები და მოეწყო სახანძრო ჰიდრანტები. მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის ჯამური ინვესტიცია 12.5 მილიონ ლარს შეადგენს.
სამუშაოები საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს მაღალი სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს, რაც განახლებული ქსელების ხანგრძლივ და ეფექტიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
"ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს განვახორციელეთ, ეს არის რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რის ფარგლებშიც 6 კილომეტრი როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების მაგისტრალური ქსელები სრულად განახლდა. ამავდროულად, განვაახლეთ ყველა საკომუნიკაციო ჭა და ინდივიდუალური განშტოება", - აცხადებს "ჯივიპის" ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი გიგა ნადირაძე.
პროექტის დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების საიმედოობას.
"წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის დროს, ძველი, ამორტიზებული თუჯის მილები ჩანაცვლდა ახალი, ორმაგი შიდა და გარე იზოლაციის ფოლადის მილებით, სხვადასხვა დიამეტრებით. რაც შეეხება წყალარინების ქსელს, მისი რეაბილიტაცია განხორციელდა ახალი რკინაბეტონის არმირებული მილებით. არსებული გამოწვევების მიუხედავად, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ"-მა რუსთაველის გამზირის წყალსადენ-წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს ვადებში, მაღალი ხარისხით განახორციელა", - აცხადებს დირექტორის მოადგილე პროექტების მართვის მიმართულებით გიორგი ვეშაპიძე.