საქართველოს კულტურის მინისტრმა, მაია ბითაძემ რუსთავის არტ-პავილიონის გახსნისას განაცხადა, რომ პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ქალაქის, ისე რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი სფეროს განვითარებისა და მხარდაჭერისთვის.
როგორც კულტურის მინისტრმა აღნიშნა, ისტორიული სივრცე არქიტექტურული ავთენტურობის დაცვით აღდგა და ქალაქს ახალი ფუნქციითა და სიცოცხლით დაუბრუნდა.
"მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რუსთავის მერს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს, რუსთაველებს და დიდი სიამაყით შეიძლება ვთქვა, რომ მადლობელი ვარ იმისთვის, რომ დღეს ამ ღონისძიებას ვესწრები თქვენთან ერთად. ნამდვილად ძალიან დიდი შესაშური საქმეა და პრაქტიკულად აი ამ არტ სტუდიის გახსნა არის ერთი წინგადადგმული ნაბიჯი როგორც რუსთავის, როგორც ქალაქის განვითარებისთვის, ასევე წინგადადგმული ნაბიჯი რეგიონში კულტურისა და შემოქმედების ხელშეწყობის შემდგომი ღონისძიებების გაძლიერებისათვის. სწორედ ამ ადგილას, როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, გასული საუკუნის 50-იან წლებში დაწყებული კულტურული საქმიანობა არის ქართული კულტურის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.
აქ ყალიბდებოდა კულტურული გამოცდილება, რომელიც ქალაქის იდენტობის ნაწილად იქცა. აქ შეიქმნა პირველი შესაძლებლობები რუსთავში შემოქმედებითი საქმიანობის განვითარებისთვის. არტ პავილიონი რუსთავის კულტურული მემკვიდრეობის ახალი სიცოცხლის დაბრუნების ძალიან დიდი საშუალებაა.
სივრცე, სადაც წლების განმავლობაში ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობდა, დღეს ახალი ფუნქციითა და სიცოცხლით უბრუნდება ქალაქს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კულტურის ახალი სახლი ძეგლის ზუსტი არქიტექტურული ავთენტურობის დაცვით აშენდა, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. არტ-პავილიონში შეიქმნა გარემო, რომელიც სხვადასხვა თაობის შემოქმედებითი მიმართულებისა და ინტერესის მქონე ადამიანებს გააერთიანებს. ეს იქნება სივრცე ახალი იდეებისთვის, ახალი ინიციატივებისთვის და მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ კულტურის სამინისტრო კვლავ იქნება ძალიან დიდი მხარდამჭერი ყველა იმ ინიციატივის, რაც რუსთავში, მათ შორის კულტურის მიმართულებით იგეგმება.
ჩვენ რუსთავის მერთანაც გვქონდა ამ თემებზე საუბარი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, სულ მალე კულტურის ერთიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის განვითარების პარალელურად, ახალ იდეებს და პოზიციებს შემოგთავაზებთ მათ შორის რუსთავში და მთელ საქართველოში კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ ობიექტის მშენებლობაში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ასევე თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ასევე პრემიერ-მინისტრს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც იქნა გაღებული ამ პროცესის პარალელურად. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგილოცოთ და ბუნებრივია ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს მისი ძალისხმევისთვის.
დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ,"- განაცხადა მაია ბითაძემ.