4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების მონანიება და აღიარება, ოპოზიციურ სპექტრში მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. საუბარია მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე, რომლებიც პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ. განსაკუთრებით კრიტიკული ბრალდებულების მიმართ, იმავე საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შვილი იყო. შუქრი ბურჭულაძემ მამის თანამებრძოლები დღეს პირდაპირ მოღალატეებად გამოაცხადა. კოლეგებს პოლიტიკური ჯოჯოხეთით ემუქრებოდნენ დღეს სხვა ოპოზიციონერებიც.
ურთიერთგამომრიცხავი იყო დღეს პოზიციები თავად "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიაში, რომელიც ძალადობრივი აქციის ავანგარდში იდგა, ნაწილი ორგანიზატორების გადაწყვეტილებას ტაქტიკურ სვლას უწოდებს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ზოდელავამ და ბერიძემ ამ ნაბიჯით პოლიტიკური მომავალი, სავარაუდოდ, გაინადგურეს.
აღიარებისა და მონანიების წინააღმდეგ ოპოზიციონერების მხრიდან ღია შეტევა, "ქართული ოცნებისთვის" მათი მორიგი ლუსტრაციის მაგალითია. პარლამენტის სპიკერი და უმრავლესობის წევრები დღეს 4 ოქტომბრის ჩავარდნილ რევოლუციაზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ ამდენი გარედან წახალისებული დესტაბილიზაციის ყველა სცენარის ჩავარდნის შემდეგ, ოპოზიციას ყალბი დღის წესრიგის შესაქმნელად პოლიტიკური მსხვერპლი სჭირდება, ამ ტვირთის ტარებას კი პატიმრებისგან ითხოვს.
პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობისა და ძალადობის ორგანიზებისთვის მსჯავრდებულ კოლეგებს დღეს ოპოზიციის ნაწილი სრულად გაემიჯნა. თავისუფალი ხალხის პარტიაში დღეს ისიც თქვეს, რომ მონანიების არ სჯერათ, რადგან ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები ახლა მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობენ.
ანტიკონსტიტუციური აქციიდან ერთი წლის თავზე მმართველი გუნდი ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრიობაზე საუბრობს, რაც ძალადობრივი აქციების ორგანიზატორების აღიარებითაც დასტურდება. ოცნებაში ამბობენ, რომ ევროპელი ლობისტებისგან წახალისებულ პროცესს, გამართულმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა და ქართულმა საზოგადოებამ ადეკვატური პასუხი გასცა. მონანიება კი სახელმწიფოს მოქმედებას ბრალდებულების მიმართ ლოიალურს გახდის.
სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით გასული წლის 4 ოქტომბერს 60 ზე მეტი პირი დააკავეს. 25-მა მათგანმა აღიარებისა და საპროცესო გარიგების მოთხოვნის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.