06 ოქტომბერი 2026,   22:49
ვრცლად
დიპლომატები რთველში - კახეთში ყურძნის კრეფა, ღვინის დაწურვა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება ელჩებისთვის ტრადიციად იქცა

კახეთში რთველი ელჩებისთვისაც ტრადიციად იქცა. ყოველი წლის ამ დროს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები ქართულ კულტურას წინანდალში ეცნობიან. კრეფენ ყურძენს, წურავენ ღვინოს, აცხობენ პურს და აგემოვნებენ ადგილობრივ კერძებს. სწავლობენ ღვინის დაყენების ტრადიციებს და თანამედროვე ტექნიკას.

საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ეს წინანდალში შეკრებილ სტუმრებს დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ქართული ღვინის 8 000 წლიანი ისტორიის შესახებ მოისმინეს. შეხვედრაზე მთავარი აქცენტი ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაკეთდა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ელჩები, რომლებიც საქართველოში მსახურობენ, იცნობდნენ და პატივს სცემდნენ ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს. მისივე განმარტებით, არაფორმალური გარემო ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე სასაუბროდ კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კახეთში ყოველ წელს ჩადიან. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ორგანიზებით ტარდება. მიზანი - დიპლომატებისთვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობაა.

დღის ამბები