საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპ“-ს, რომელიც ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს. ასევე ერთ-ერთი ბრალდებული ნარკოტიკული საშუალების ნაწილს პირადად ინახავდა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.