პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ს მწვავედ აკრიტიკებს და მას მიხეილ სააკაშვილის გარშემო წარმართულ "უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში" მონაწილეობაში ადანაშაულებს.
შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში იმ პერიოდის მოვლენებსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს იხსენებს, რა დროსაც, მისი შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ "თაღლითური ნარატივი" ვრცელდებოდა.
"ის, რომ Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო.
Amnesty International-ის ქვემოთ მოყვანილი ცილისმწამებლური განცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის რასაც ეს ორგანიზაცია, ისევე, როგორც სააკაშვილის უცხოელი პატრონები აცხადებდნენ, იყო თაღლითური ტყუილი. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სააკაშვილს არა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლება სჭირდებოდა, მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროებაც კი არ იყო.
ამ სამარცხვინო თაღლითობიდან ცოტა ხანში სამყარომ შეიტყო, რომ მომაკვდავი დიქტატორი სასწაულებრივად აღარ მოკვდა, კახექსია დაძლია, დემენციისგან განიკურნა და შვილიც შეეძინა. თაღლითური გზით სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა, Amnesty International-მა კი დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი," - წერს შალვა პაპუაშვილი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, Amnesty International არასწორ სამიზნეებს ირჩევს, როდესაც აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციებს აკრიტიკებს და აიგნორებს ირანის რეჟიმის მიერ ჩადენილ "მასობრივ სისასტიკეს“.
პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუბიომ აღნიშნა, რომ ნამდვილი დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ თეირანის ქუჩებში მოკლული ათობით ათასი ადამიანი და საავადმყოფოებში პაციენტებისა და ექიმების მკვლელობებია, და ორგანიზაცია ყურადღებას სწორედ ამ მძიმე ფაქტებზე უნდა ამახვილებდეს.