"ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უზბეკურ მხარესთან, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი ფრენა, რათა ჩვენ ქვეყანაში ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ამ ქვეყნიდან", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
საქართველო-უზბეკეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში განიხილეს.
"საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას უშუალოდ ტურიზმის სფეროში. აღინიშნა, რომ ტურიზმს უდიდესი როლი აქვს ქვეყნების დაკავშირებადობის, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უზბეკურ მხარესთან", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.