ურთიერთპატივისცემასა და თანაბრობის პრინციპზე დაფუძნებული დიალოგი - ასე ხედავს მმართველი გუნდი ოფიციალურ ბრიუსელთან ურთიერთობების პირვანდელ ნიშნულზე დაბრუნების წინაპირობას. ლუქსემბურგში გამართულმა ევროპული საბჭოს შეხვედრამ დაადასტურა, რომ ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი, ბიუროკრატებისგან განსხვავებით, საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობასა და დიალოგის აუცილებლობაზე ღიად საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ურთიერთობების აღდგენას ცალმხრივი ძალისხმევა არ ყოფნის და მნიშვნელოვანია ბრიუსელმა მიდგომები შეცვალოს.
საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და ადგილი, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და ენერგოუზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ამაზე ხალხის ძალაშიც საუბრობენ. საპარლამენტო ჯგუფში განმარტავენ, რომ მსოფლიოში არსებული კრიზისების ფონზე საქართველოს ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა, ევროსტრუქტურებისთვის პოლიტიკის ცვლილების წინაპირობად უნდა იქცეს.
ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას და ბრიუსელთან სრულფასოვანი დიალოგის აღდგენას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიცია.
ოპოზიციას და ევროპული ბიუროკრატიის ნაწილს საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ ხედავს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლების აზრით, მათი მხრიდან ეროვნული ინტერესების დაზიანება და ევროსკეპტიციზმის გაღვივებაც უკვე ბუნებრივ მოვლენად იქცა. პოლიტიკოსებმა დღეს საზოგადოებას ასოცირების ვალდებულებების შესრულების მაღალი კოეფიციენტი და ყველა ის უპირატესობა შეახსენეს, რომელიც საქართველოს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით აქვს.
12 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროპული საბჭოს შეხვედრა გაიმართა. საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას მოლაპარაკებების ახალი კლასტერი გაუხსნა. არაერთი ევროპული ქვეყნის ლიდერის მხრიდან ღიად დაფიქსირდა ისიც, რომ ბრიუსელისთვის საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა ორმხრივად მნიშვნელოვანია.