17 ოქტომბერი 2026,   12:15
ვრცლად
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად ქ. გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც პროგრამის მიმდინარეობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია. კომპანია „ბიოჯუსის“ საწარმოში ვაშლის მიღებისა და გადამუშავების პროცესს კი ადგილზე გაეცნო.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს აგროსექტორის წარმომადგენლებთან. გამართული შეხვედრებისა და სექტორის საჭიროებების განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მიმდინარე წელსაც ამოქმედებულიყო არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა. ამ ეტაპზე, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს როგორც შიდა ქართლის, ისე სხვა რეგიონებში. პროცესის ეფექტიანი კოორდინაციისა და მოსავლის ორგანიზებული ჩაბარების უზრუნველსაყოფად, ქალაქ გორში შექმნილი საკოორდინაციო შტაბი 18 დეკემბრამდე იმუშავებს.“ -განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გადამამუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.

პროგრამაში ჩართულმა გადამამუშავებელმა საწარმოებმა, პროგრამის ამოქმედების დღიდან, 13 ოქტომბრიდან დღემდე, 800 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს, ფერმერებმა 200,000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 83,000 ლარს აღემატება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.

დღის ამბები