"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" სემეკს 2022–2026 წლების საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები წარუდგინა. შეხვედრაზე ითქვა, რომ საერთაშორისო ინვესტორის, "აქუალიას" შემოსვლამ, კომპანიაში ფუნდამენტური საოპერაციო და სტრუქტურული ცვლილებები მოიტანა.
ბოლო 4 წლის განმავლობაში GWP-ის ინვესტიციები ორმაგად გაიზარდა და 480 მილიონ ლარს მიაღწია.
როგორც საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას აქვს ხელშესახები პროგრესი, თუმცა ქალაქის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილი საჭიროებს დამატებით მოდერნიზაციას, ამისათვის აუცილებელია სისტემაში მეტი ინვესტიცია ჩაიდოს.
"მოვისმინეთ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"-ის მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაცია, ასევე ვნახეთ ის ინდიკატორები და გაუმჯობესება, რაც კომპანიას აქვს მართვის თვალსაზრისით, ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს კომპანიის წინაშე და ამ ყველაფრის დაძლევის საშუალებებზე. მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანიას აქვს ხელშესახები პროგრესი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქი ვითარდება ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილი საჭიროებს კიდევ დამატებით მოდერნიზაციას აუცილებელია, რომ მეტი ინვესტიცია ჩაიდოს სისტემაში", - აცხადებს დავით ნარმანია.