საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე 4 საათია სხდომა გრძელდება. მოსამართლეთა პლენუმი ამ წუთებში "ლელოს" წარმომადგენელს, ბადრი ჯაფარიძეს უსმენს.
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტების ეტაპზეა. დღის პირველ ნახევარში, საკუთარი პოზიციით კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთი-ერთი ლიდერი წარდგა.
ისმოდა პოლიტიკური განცხადებები. ნიკა გვარამიას მოსაზრებებსა და ბრალდებებს უარგუმენტოდ მიიჩნევს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გვარამიას არაფერი უთქვამს სარჩელში მისი პარტიის მისამართით არსებულ ბრალდებებზე და დრო მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენა. ისმოდა სანქციებით მუქარა მოსამართლეების მიმართაც.
სასამართლო სხდომაზე საუბრისას ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ამაყობს ქვეყნიდან რუსეთის ბაზების გაყვანით და 2008 წლის ომის პერიოდში ქვეყანაში დარჩენით, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ამაყობს ისეთი მოვლენებით, როგორიცაა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება და ტელეკომპანია "იმედში" განვითარებული მოვლენები.
"მე მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო ხელისუფლების ნაწილი ვიყავი. ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ, მაგრამ არის რაღაცები, რითაც არ ვამაყობ. დიახ, მე ვამაყობ, რომ რუსეთის ბაზები გავიყვანეთ საქართველოდან. მაგრამ არ ვამაყობ იმ საკითხებით, რაც თანმდევი იყო. მაგალითად, კანონიერად მოპოვებული, მაგრამ მაინც ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით, არ ვამაყობ, პირდაპირ ვამბობ. ასევე, იმ პროცესებით, რომელიც განვითარდა ტელეკომპანია "იმედში." ამით არ ვამაყობ. ვამაყობ იმით, რომ ომის დროს საქართველოდან ფეხი არ გამიდგამს. არც მე და არც არავის მთავრობიდან", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.