01 ნოემბერი 2026,   20:41
ვრცლად
"აღნიშნულ თანამდებობას თითქმის ერთი წელია აღარ ვიკავებ" - თემურ გასვიანი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, აღნიშნულ თანამდებობას თითქმის ერთი წელია აღარ ვიკავებ და იმ პერიოდში, როდესაც მინისტრის მოადგილე ვიყავი, კომპანიის დირექტორი არ ვყოფილვარ, - ამის შესახებ თემურ გასვიანი სოციალურ ქსელში წერს.

გასვიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც გამოვლინდა „24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად, პარალელურად 30 კომპანიაში იკავებს დირექტორის პოზიციას“, სადაც ერთ-ერთი მათგანი თემურ გასვიანია, რომელიც მოხსენიებულია, როგორც აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე.

გასვიანი განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მათი დამახინჯებული ფორმით გავრცელება საზოგადოებაში მის შესახებ მცდარ წარმოდგენას ქმნის.

„მინდა გამოვეხმაურო TV პირველის მიერ ჩემს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
პირდაპირ ვამბობ - გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პოსტში ისეა წარმოდგენილი, თითქოს დღესაც მინისტრის მოადგილე ვარ და ამავდროულად კომპანიის დირექტორი. რეალურად, აღნიშნულ თანამდებობას თითქმის ერთი წელია აღარ ვიკავებ და იმ პერიოდში, როდესაც მინისტრის მოადგილე ვიყავი, ამ კომპანიის დირექტორი არ ვყოფილვარ.
ეს მარტივად გადასამოწმებელი ფაქტებია. მათი დამახინჯებული ფორმით გავრცელება კი საზოგადოებაში ჩემ შესახებ მცდარ წარმოდგენას ქმნის.
სამწუხაროდ, TV პირველის მხრიდან მსგავსი პრაქტიკა უკვე არაერთხელ გვინახავს - ფაქტების დამახინჯება, კონტექსტიდან ამოგლეჯა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ფაქტად გასაღება.
კრიტიკა და განსხვავებული აზრი ჟურნალისტიკის ნაწილია, მაგრამ სიცრუის გავრცელება და ადამიანის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება - არა.
მოვითხოვ, დაუყოვნებლივ დაზუსტდეს და გასწორდეს ჩემს შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად სამართლებრივი რეაგირების ყველა კანონით გათვალისწინებულ შესაძლებლობას გამოვიყენებ.
მედიის თავისუფლება პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს.
TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი“,- წერს გასვიანი.

ცნობისთვის, "ტვ პირველმა" ინფორმაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე" (TI) დაყრდნობით გაავრცელა.

დღის ამბები