05 ნოემბერი 2026,   13:43
ვრცლად
ეს აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეს ეკადრება დიპლომატს - შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე

"პირველი რეკომენდაცია, რაც მინდა ბატონ ჰერჩინსკის მივცე, ტონს დაუწიოს. ეს აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეს ეკადრება დიპლომატს", - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის პასუხობს.

ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განცხადებები 4 ნოემბერს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა.

"გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი და რაღაც რეკომენდაციებზე საუბრობდა. პირველი რეკომენდაცია, რაც მინდა მე მას მივცე, რომ ტონს დაუწიოს. აგრესიით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას, აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს, ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია, რომ ტონს დაუწიოს.

ვნახეთ ჩვენ გუშინ გაბრაზებული საუბარი, პრეტენზიებით საუბარი. საერთოდ ეს რა წესი არის, რომ სტუმარი მასპინძელს ამ ტონით ელაპარაკება, ის ვერ მიხვდა ალბათ ქართული კულტურა რას ნიშნავს. ამ ტონით სტუმარი მასპინძელს არ ელაპარაკება - ეს ერთი.

მეორე, ამ ტონის ნაწილი იყო, გუშინ თქვა, რომ რაზე უნდა გქონდეს დიალოგიო, იმ გლობალური ომის პარტიაზე, "დიფსტეიტზე" უნდა გქონდესო, სერიოზულად გულისხმობთ ამასო?! ხო ნახეთ ეს გუშინ და აბა რაზე უნდა გქონდეს დიალოგი? გუშინ მისმა ხელმძღვანელმა მარტა კოსმა რომ თქვა, რომ საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა. სერიოზულად? ამაზე უნდა გვქონდეს დიალოგი რომ რუსეთმა გაიმარჯვა თუ არა? თუ ჰერჩისკიმ რომ განაცხადა, რომ საქართველო თავის ბნელ წარსულს უბრუნდება, სერიოზულად? ამაზე უნდა საუბარი, ბნელ წარსულში ვბრუნდებით თუ არა? თუ რაზე უნდა დიალოგი, რომ მივიდა 2022 თუ 2023 წელს იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით, რომ ეუბნებოდა, სააკაშვილი კვდებაო, ამაზე უნდა დიალოგი კვდებოდა თუ არ კვდებოდა? გავიდა 4 წელი და ადამიანს შვილი ეყოლა და პოლიტიკურ პროცესებს მართავს ლამის ციხიდან. სერიოზულად? ამაზე უნდა დიალოგი?

ასე რომ, ამ აგდებულ ტონს, მე ვურჩევდი ბატონ ელჩს, ეს აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეს ეკადრება დიპლომატს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები