საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE) გახსნის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიება ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ტინგ სიუესიანგმა გახსნა.
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა გამოფენის ფარგლებში გახსნილი პავილიონები ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ერთად დაათვალიერა.
გამოფენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო 37 ქართული კომპანიითა და სამი თემატური: ეროვნული, საკვებისა და სასმელების და სამომხმარებლო პროდუქციის პავილიონით არის წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში ქართველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, საკუთარი პროდუქცია, მათ შორის, ღვინო, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ლიმონათი, ტყავის ნაწარმი და ტანსაცმელი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნონ. გამოფენა ახალი სავაჭრო კავშირების დამყარებასა და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას უწყობს ხელს.
ქართული კომპანიების მხრიდან ჩინეთის ბაზარზე ვაჭრობის მიმართ მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად უწყობს ხელს ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. მათ შორის, წელს პირველად, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში სპეციალური ღონისძიება გაიმართება, რომელიც ქართული და ჩინური კომპანიების შეხვედრებს დაეთმობა. აღნიშნული ღონისძიება ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, დაამყარონ პირდაპირი საქმიანი კონტაქტები პოტენციურ პარტნიორებთან, განიხილონ თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდას.
გამოფენაში საქართველო უკვე მეცხრედ მონაწილეობს. წელს პავილიონის კონცეფცია ქართული კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას ეფუძნება. მათ გაფორმებაში ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მოტივები გამოიყენეს. პავილიონის სტუმრები ასევე გაეცნობიან ქართული ჭადრაკის ისტორიას.
ეროვნულ პავილიონში გაიმართება ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებლები ქართული დამწერლობის ისტორიასა და უნიკალურობას გაეცნობიან.
ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, მათ შორის, ავსტრიის კანცლერი, გაბონის პრეზიდენტი, სლოვაკეთისა და კუბის ვიცე-პრემიერები.
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო ღონისძიებაა. გამოფენაში 162 ქვეყანა მონაწილეობს. 440 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ პავილიონებში წარმოდგენილია საკვები და სასმელი პროდუქტები, უახლესი ტექნოლოგიები, სამრეწველო დანადგარები, ავტომობილები, სამედიცინო აღჭურვილობა, ინოვაციური პროდუქტები, სამომხმარებლო პროდუქცია და სხვადასხვა სახის მომსახურება.