05 ნოემბერი 2026,   15:37
ვრცლად
"რა თქმა უნდა" - ირაკლი ფავლენიშვილი კითხვაზე, მოიაზრებს თუ არა ევროკავშირი თვითნებურად დაკავებულებში მიხეილ სააკაშვილს

ევროკომისიის ანგარიშზე, სადაც საუბარია საქართველოში თვითნებურად დაკავებულებზე, ოპოზიციაში შეფასებები კეთდება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ბრიუსელი, ამ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს და მოქალაქეებს გულისხმობს.

"რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, ვინ მიიჩნევიან პოლიტიკურ პატიმრებად - პოლიტიკოსები, აქტივისტები, მოქალაქეები, რომლებიც საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას იქნენ დაკავებულები. ამის შესახებ მთელი ცივილიზებული სამყარო ინფორმირებულია და არა მგონია ვინმესთვის რაღაც კითხვის ნიშანს ბადებდეს მათი, ასე ვთქვათ, ვინაობა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მიხეილ სააკაშვილი მოიაზრებოდეს თვითნებურ დაკავებულებში, ფავლენიშვილი პასუხობს: "რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური პატიმარი იგულისხმება. იმის გამო, რომ მისი ბრალეულობა არის შეთხზული".

თბილისი ევროკავშირის ელჩისგან ამ დრომდე პასუხების მოლოდინშია - ვის გულისხმობს ბრიუსელი თვითნებურად დაკავებულებში და ვის გათავისუფლებას ითხოვს, მაშინ, როდესაც დღემდე არ დაუგმია 4 ოქტომბრის ძალადობა.

საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის ცალმხრივად მომზადებულ ანგარიშზე განმარტებებს პაველ ჰერჩინსკისგან ითხოვს, რომელმაც ამ კითხვებს არც ბრიფინგზე უპასუხა.

მმართველი გუნდის განცხადებით, დუმილი კიდევ ერთი დასტურია, რომ ძალადობრივი მოვლენები ქვეყნის გარედან იგეგმებოდა. თბილისში აქცენტი კეთდება ორმაგ სტანდარტზეც, რატომ ფასდება საქართველოში ჩადენილ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება დემოკრატიიდან გადახვევად, მაშინ როდესაც ანალოგიურ ფაქტებს საფრანგეთში მძიმე კვალიფიკაცია ენიჭება.

დღის ამბები