06 ნოემბერი 2026,   05:57
ვრცლად
ევროპაში, დემონსტრანტების ძალადობას ევროკომისია აქტიურად გმობს, საქართველოში მიმდინარე ძალადობრივ აქციებს კი დემოკრატიის გამოვლინებად აფასებდა - მმართველ გუნდში ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ

მარსელი, ლიონი, პარიზი - საფრანგეთის ყველა დიდ ქალაქში დღეს დემონსტრანტების მობილიზებაა. უკვე დაიწყო დაპირისპირება და ღია კონფრონტაცია საპოლიციო ძალებთან. საფრანგეთის ხელისუფლებამ ქუჩებში ათიათასობით სამართალდამცველი გამოიყვანა. მიზანი ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების დაცვა და იმ მოძალადე მომიტინგეების გამოვლენაა, რომლებიც უკვე თვეებია ხან ქალაქებს არბევენ, ხანაც ძალოვნების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან.

ძალადობრივი აქციების წინააღმდეგ ეფექტიანი მეთოდების გამოყენებას, ეროვნული მთავრობები ევროპის სხვა ქვეყნებშიც ცდილობენ. პროცესები უმართავი გახდა გერმანიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ალბანეთში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში. ევროკავშირის წევრ, არაწევრ და კანდიდატ ქვეყნებში დემონსტრანტების მხრიდან გამოჩენილ ძალადობას აქტიურად გმობს ევროკომისია. ეს მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე ძალადობრივ აქციებს და ვერ შემდგარ რევოლუციებს ევრობიუროკრატია დემოკრატიის გამოვლინებად და თავისუფალი ახალგაზრდების პროტესტად აფასებდა. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის იმ ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა, რამაც დროთა განმავლობაში ქართველი ხალხის მიმართ უსამართლო დამოკიდებულების სახე მიიღო.

ქართველი ხალხისადმი ევროკავშირის დამოკიდებულება რომ უსამართლოა, ამას მმართველ პარტიაშიც ამბობენ. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებით, ევროკავშირს წევრ ქვეყნებში დღეს მიმდინარე მოვლენები, იმ პოლიტიკის ანარეკლია, რისი გატარებაც ევრობიუროკრატებს საქართველოში სურდათ.

ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზე არაფერს ამბობენ ოპოზიციაში, სადაც დღეს მხოლოდ ის თქვეს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციები დემოკრატიის გამოხატულებაა.

საზოგადოების აზრი 2024 წელს ევროკავშირმა არ გაითვალისწინა და ხელისუფლების დამხობის მხარდამჭერებს გვერდში დაუდგა - ამას ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევრობიუროკრატებს დღემდე არ დაუგმიათ შტურმი პარლამენტზე, არც პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ჯგუფების შეღწევის მცდელობა, რაც ადასტურებს, რომ ბრიუსელი თბილისში ძალადობას მხარს უჭერს.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში უკვე რამდენიმე თვეა საპროტესტო ტალღა მძვინვარებს. გრძელდება შეტაკებები მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის. ევროკომისია კი საქართველოში არეულობას დემოკრატიას უწოდებს - ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ძალადობას, რომელსაც გმობს.

დღის ამბები