მსოფლიო სავაჭრო რუკაზე საქართველო პოზიციებს უფრო იმყარებს. 8000 წლიანი ღვინის ისტორია, უძველესი ტრადიციები და ქართული კულტურა- ქვეყანა სავიზიტო ბარათს შანხაის აცნობს. ღვინოსთან ერთად, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ტყავი და ტანსაცმელი ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზეა წარმოდგენილი. ღონისძიების სტუმრები საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და კულტურასაც ეზიარებიან.
შანხაიშია ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრო და პავილიონები ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ერთად დაათვალიერა.
საქართველო რომ ჩინეთისთვის საინტერესოა ამას სატრანსპორტო-ლოჯისტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაც მოწმობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოებაა. მომავალი წლიდან შანხაი-თბილისის მარშრუტზე ფრენების სიხშირე გაიზრდება.
საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ათვისება- შანხაიში გამართული მაღალი დონის შეხვედრის მთავარი საკითხები იყო. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერთან, ტინგ სიუესიანგთან, სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე, შუა დერეფნის განვითარებასა და სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო ღონისძიებაა, რომელმაც წელს 162 ქვეყანა გააერთიანა.