მშვიდობისა და თანამშრომლობის იდეა - საერთაშორისო ფორუმზე თბილისმა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებს უმასპინძლა. კონფერენციის ფარგლებში მოწვეული სტუმრები განიხილავდნენ რეგიონში მშვიდობის პერსპექტივებს, მსჯელობდნენ ნეიტრალიტეტის მნიშვნელობასა და საქართველოს შესაძლებლობაზე, იქცეს დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელოვან სივრცედ.
ფორუმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ნეიტრალიტეტის მნიშვნელობა და ამ იდეის გარშემო საერთაშორისო დიალოგის განვითარება იყო. მონაწილეები დისკუსიის ფორმატში მსჯელობდნენ, თუ რა როლი აქვს ნეიტრალიტეტის პრინციპს ქვეყნის მომავალსა და რეგიონულ სტაბილურობაში.
ფორუმის საერთაშორისო მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრეს უცხოელმა სტუმრებმაც. მათი შეფასებით, მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის დიალოგის გაღრმავებისთვის, განსხვავებული პოზიციების მოსასმენად და ნეიტრალიტეტის საკითხზე საერთო ხედვების ჩამოსაყალიბებლად.
საერთაშორისო ფორუმი დღეს ოფიციალურად დაიწყო. საერთაშორისო ექსპერტები, დიპლომატები და პოლიტიკური სფეროს წარმომადგენლები ფორუმის ფარგლებში დისკუსიას ხვალაც გააგრძელებენ.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი