05 ნოემბერი 2026,   22:18
ვრცლად
ქრთამის აღება, გამოძალვა, ფულის გათეთრება, ადამიანების გატაცება და წამება - უკრაინაში დანაშაულებრივ სინდიკატს კრიმინალები მაღალჩინოსნებთან ერთად ხელმძღვანელობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პროკურატურა, სასამართლო და უმაღლესი რადა - უკრაინაში დანაშაულებრივ სინდიკატს კრიმინალები მაღალჩინოსნებთან ერთად ხელმძღვანელობდნენ. ჯგუფი აკონტროლებდა თაღლითურ ქოლ-ცენტრებს, ყიდდა ნარკოტიკებს, მფარველობდა არალეგალურ ბიზნესს, აყალბებდა ვალუტას და უკანონოდ აწარმოებდა თამბაქოს. ქრთამის აღება, გამოძალვა, ფულის გათეთრება, ადამიანების გატაცება და წამება - ქსელის ამ და სხვა მეთოდებს ახლა უკრაინის ანტიკორუფციული უწყებები იძიებენ.

სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო: უკრაინის ანტიკორუფციული პროკურატურისა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული ბიუროს აგენტები უსაფრთხოების სამსახურის გავლენიანი გენერლის, სერჰი დუკას რეზიდენციასთან მობილიზდნენ. მედიის ცნობით, ჩხრეკისას გენერალი ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივებს იარაღით დაემუქრა. ის მოგვიანებით აიყვანეს. თანამდებობიდან გაათავისუფლეს მისი უწყების კიდევ ორი მაღალჩინოსანი: შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსი ანტონ კრავჩუკი და სახელმწიფოებრიობის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე ოლექსანდრ კოვალჩუკი.

სინდიკატი მკაცრი იერარქიით იმართებოდა და კონსპირაციული სახელებით მოქმედებდა. ხელმძღვანელი - წლების განმავლობაში ძებნილი პირი „კრიმინალი“ - თანამზრახველ „მექსიკელთან“ ერთად წარმართავდა პროცესებს. მათ ძალოვანი სტრუქტურები მფარველობდნენ: პოლიციის მაღალჩინოსანი „პრაისი“ ქოლ-ცენტრებს კურირებდა, „კონსულტანტი“ მათ უსაფრთხოებასა და კოორდინაციას უზრუნველყოფდა, ხოლო გენერალ-მაიორი „აკიმი“ სინდიკატის შეუმჩნეველ ფუნქციონირებაზე აგებდა პასუხს. ფარულ აუდიოჩანაწერებში ისმის, თუ როგორ აორგანიზებენ „კრიმინალი“ და „მექსიკელი“ ფულის გათეთრებისა და ნარკოტრაფიკის საკითხებზე დავით არახამიასთან სამუშაო შეხვედრას.

კიდევ ერთი კორუფციული საქმე, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერი დავით არახამია ფიგურირებს, უმაღლეს რადაში დეპუტატთა ხმების სავარაუდო ყიდვას უკავშირდება. სასამართლო სხდომაზე მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ არახამია უმაღლეს რადაში კანონმდებლებს საჭირო გადაწყვეტილებების სანაცვლოდ კონვერტებით ურიგებდა ფულს. მოსამართლემ წარმოდგენილი მტკიცებულებები დამაჯერებლად მიიჩნია და მმართველი პარტიის ლიდერისა და ზელენსკის უახლოესი გარემოცვის წევრის მიმართ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დაავალა. რადაში ხმების მოსყიდვის სქემა ანტიკორუფციულმა ბიურომ ჯერ კიდევ გასულ წელს გამოავლინა; მაშინ ბრალი ხუთ დეპუტატს წარედგინა.

დასრულდა კიდევ ერთი მასშტაბური გამოძიება: ანტიკორუფციულმა სტრუქტურებმა ენერგეტიკის სექტორში ის კორუფციული სქემა გაშიფრეს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ზელენსკის უახლოეს გარემოცვას. საქმეში ფიგურირებენ სახელმწიფო კონცერნ „ენერგოატომის“ მაღალჩინოსნები, ყოფილი მინისტრები და პრეზიდენტის ბიზნესპარტნიორი, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელი ტიმურ მინდიჩი. გამოძიების ვერსიით, ქრთამის სახით მიღებულმა და გათეთრებულმა თანხამ 120 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები