05 ნოემბერი 2026,   22:23
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილე - რა გამოწვებებზე და წარმატებებზე ისაუბრეს ქვეყნის პირველმა პირებმა საიუბილეო ღონისძიებაზე

ისტორია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წელს ითვლის, დღეს კონსტიტუციური იდენტობის, ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია. ქვეყნის ძირითადი კანონის დამცველი ინსტანცია ეროვნულ დონეზე სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთ-ერთ საყრდენ მექანიზმს წარმოადგენს. საკონსტიტუციო კონტროლის ინსტიტუტი რომ დემოკრატიული პროცესის უმთავრესი მონაპოვარია, სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობს. რევაზ ნადარაია ამბობს, რომ ეს ინსტიტუტი, როგორც კონსტიტუციური წყობილების ფუნდამენტი, საქართველოში სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში მთავარ როლს ასრულებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს უცვლელ მისიასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის წონასწორობის შენარჩუნებაზე აკეთებს აქცენტს საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც გლობალური გეოპოლიტიკური გამოწვევები თითოეული ქვეყნის შიდა პროცესებზე პირდაპირ აისახება, კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მყარ საძირკველს წარმოადგენს.

საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2016 წლიდან სასამართლო ავტორიტარული რეჟიმის მემკვიდრეობისგან გათავისუფლდა. პარლამენტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ კონსტიტუცია ცოცხალი ხდება მაშინ, როდესაც მოქალაქე მასში საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიას ხედავს, ხოლო ხელისუფლება მის მიერ დადგენილ საზღვრებს აღიარებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს იუბილე ვიდეო მიმართვით მიულოცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა, რომელიც აქცენტს დიალოგსა და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებზე აკეთებს. უცვლელ და ძირითად ღირებულებებზე საუბრობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წლის იუბილის ფარგლებში, ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას ქართველი და უცხოელი მოსამართლეები ესწრებოდნენ. მოეწყო ორი პანელური დისკუსია, სადაც მთავარი აქცენტები კონსტიტუციურ წესრიგზე, ადამიანის უფლებებსა და საკონსტიტუციო კონტროლის განვითარების ისტორიაზე გაკეთდა.

დღის ამბები