ბოდბისხევში, ალაზნის ველის სიახლოვეს გატარებული ბავშვობის მოგონებები, მშობლიური კუთხის სიყვარული და განსაკუთრებული ხასიათი - საკუთარი შემოქმედების მთავარ ნაწარმოებში გააერთიანა - ასე შეიქმნა "კახეთო", რომელიც პირველივე ნოტიდან ყველა ქართველში მშობლიური მიწის სიყვარულს, მონატრებასა და სიამაყის განცდას აღვიძებს. ალბათ ამიტომაც უწოდა კომპოზიტორმა ბიძინა კვერნაძემ "კახეთოს" თანამედროვე "ჩაკრულო".
"კახეთოს" ისტორიაში კიდევ ერთი, განსაკუთრებული ამბავია, ამბავი ავტორსა და შემსრულებელზე, რომელიც ჩანაფიქრს ისე მიუხვდა, როგორც თავად კომპოზიტორს სურდა. აჩიკო ბერიძის შესრულებით ნუნუ დუღაშვილმა ის ნამღერი მოისმინა, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა.
“ქუთაისო”, “ბათუმი რად ღირს მარტო”, “სამშობლო”, “გიყვარდეს საქართველო”, “ფიროსმანის ქალაქი”, “თბილისო საყვარელო” - ათწლეულების განმავლობაში კომპოზიტორმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის თავისებურებები, განწყობა და თვითმყოფადობა საკუთარ შემოქმედებაში ასახა.
"იმერეთის ნიავო" - ერთი გამორჩეული ნაწარმოებია, რომელმაც მსმენელის სიყვარული და განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა.
მამისგან მონათხრობმა ამბავმა შთააგონა პირველი ნაწარმოების შექმნა. 5 წლის ასაკში მან “პატარა მწყემსის სიმღერა” დაწერა, საბოლოოდ, კი იმ თაობის ქალ კომპოზიტორად იქცა, რომელმაც მრავალი ბარიერის და გამოწვევების მიუხედავად, ქართულ მუსიკალურ სივრცეში საკუთარი ადგილის დამკვიდრება შეძლო. ნუნუ დუღაშვილის ხელწერა მსმენელისთვის ადვილად ამოსაცნობი გახდა. მისმა ნაწარმოებებმა სცენიდან მსმენელის ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაინაცვლა და თაობების საყვარელ სიმღერებად იქცა.
ნუნუ დუღაშვილმა სიცოცხლეშივე მიიღო ის აღიარება, რასაც ბევრი ხელოვანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ელის. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან კი, 2012 წელს მისი ვარსკვლავი გაიხსნა.
ქართველი კომპოზიტორი დღეს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის წევრებს სამძიმარი საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გამოუცხადეს.