10 ნოემბერი 2026,   09:59
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, ირანის ომის დასრულების მიმართულებით დადებითი დინამიკა შეინიშნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანთან კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით დადებითი დინამიკა შეინიშნება, რომელიც მხარეებს კონფლიქტის დასრულებისკენ მიიყვანს.

ტრამპის განმარტებით, ისრაელი და მთელი ახლო აღმოსავლეთი ირანის საფრთხისა და მუქარისგან დაცულია და აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათი ინტერესები დაცული იყოს.

"კატარის პრემიერ-მინისტრთან, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ თანისთან, ძალიან კარგი საუბარი მქონდა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანის ისლამური რესპუბლიკა იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ქუვეითი და სხვა ქვეყნები სტატუს კვოს შენარჩუნებას უჭერენ მხარს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას და ახალი ოპერაციის - "რკინის კარიბჭის" დაწყებას ემხრობიან, რაც სახმელეთო და საზღვაო მიმართულებებსაც მოიცავს.

ყველა თანხმდება, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს - ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება!

თუ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეიცვლება, ამერიკის შეერთებული შტატები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია და მოქმედებისთვის მზად იქნება. თუმცა, ამ ეტაპზე ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა.

ისრაელი და მთელი ახლო აღმოსავლეთი ირანის საფრთხისა და მუქარისგან დაცულია. ვხედავთ დადებით დინამიკას, რომელიც ამ კონფლიქტის დასრულებისკენ მიგვიყვანს. ჩვენ კი უზრუნველვყოფთ, რომ ამერიკის ინტერესები ნებისმიერ ვითარებაში იყოს დაცული.

ამ სამხედრო დაპირისპირების დასრულების შემდეგ ამერიკელი ხალხიც და მთელი მსოფლიოც გაცილებით უსაფრთხოდ იცხოვრებენ", - წერს დონალდ ტრამპი.

დღის ამბები