10 ნოემბერი 2026,   14:56
ვრცლად
"სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომელშიც საერთაშორისო დელეგაციის ოფიციალურ მასპინძლობასთან დაკავშირებული ფაქტები არასწორად არის ინტერპრეტირებული, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად" - სურსათის ეროვნული სააგენტო​

სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც საერთაშორისო დელეგაციის ოფიციალურ მასპინძლობასთან დაკავშირებულ ფაქტებზეა საუბარი. სააგენტოს განმარტებით, ფაქტები არასწორად არის ინტერპრეტირებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საუბარია ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 45-კაციანი ოფიციალური დელეგაციის მასპინძლობაზე, რომელიც საქართველოში 20-22 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

(https://www.facebook.com/WOAHEurope/posts/pfbid02aSM5svkLEDLX8PMK4gU7JzgSyfEkdvmMQHvVdhbJ26VpwbqurqF4iwJCPdXgRccD).

ოფიციალური ვახშამი გაიმართა საღამოს საათებში, რაც სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებულ ქვითარზე ასახული დროითაც დასტურდება, სადაც შეკვეთის მიღების დროდ 19:08 საათია მითითებული.

შესაბამისად, იმის მტკიცება, თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები რესტორანში სამუშაო საათებში იმყოფებოდნენ, წარმოადგენს სრულ დეზინფორმაციას. სურსათის ეროვნული სააგენტო მასპინძლის რანგში იმყოფებოდა ღონისძიებაზე, ქვითარზე მითითებული თანხა კი წარმოადგენს საერთაშორისო დელეგაციის ოფიციალური მასპინძლობისთვის და არა სააგენტოს თანამშრომლების პირადი მიზნებისთვის გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯს.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანისგან. დოკუმენტაცია სრულად გამჭვირვალეა და საჯაროდ ხელმისაწვდომია", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები