საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 2 საათზე მეტია მიმდინარეობს. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, 2021-2024 წლებში გახარიას პარტიამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად თანამდებობები გაინაწილა ოთხ მუნიციპალიტეტში და როდესაც პარტია არაკონსტიტუციურ ძალასთან ერთად ინაწილებს თანამდებობებს, ადასტურებს, რომ არ ემიჯნება იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც 2004-2012 წლებშია ჩადენილი.
არჩილ გორდულაძის განმარტებით, გახარიას პარტიის წევრებმა ძალიან კარგადაც იციან რა მიემართებათ მათ და რა არაკონსტიტუციური ნაბიჯები აქვთ გადადგმული.
"როდესაც, მაგალითად, გახარიას პარტიას ჰქონდა კოალიცია - ვინმეს არ ახსოვს, რომ 2021-2024 წლებში მათ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად თანამდებობები გაინაწილეს ოთხ მუნიციპალიტეტში? როდესაც არაკონსტიტუციურ ძალასთან შენ შედიხარ კოალიციაში, მასთან ერთად ხარ და ინაწილებ პოლიტიკურ თანამდებობებს - რა თქმა უნდა, შენ ადასტურებ, რომ არ ემიჯნები იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც არის 2004-2012 წლებში ჩადენილი და არა თუ არ ემიჯნები, პირიქით, ამ ყველაფრის მონაწილე ხარ.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ მაგალითად ჰიტლერი გადარჩებოდა და ჰიტლერთან ვინმე შევიდოდა კოალიციაში, რა თქმა უნდა სრულად აიღებდა ის პასუხისმგებლობას იმ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე, რომელიც ჰქონდა ჰიტლერს და მის პარტიას ჩადენილი. ახლა გამოდიან და ჩვენ რანაირად მოგვემართებაო, ძალიან კარგადაც იციან რა მიემართება და რა არაკონსტიტუციური ნაბიჯები აქვთ მათ.
ამავდროულად, თითოეული პარტიის - ერთი პარტიის ქმედებები არის არაკონსტიტუციური ხოლო მითუმეტეს, როდესაც ესენი ერთიანი ორგანიზმად მოქმედებენ ხომ? მითუმეტეს, ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას ისეთ უმნიშვნელოვანეს ფუძემდებელ პრინციპებს, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.