დღეს პლენარული სხდომა პარლამენტში პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ევროკომისიის ბოლო ანგარიშზე ისაუბრა. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, დოკუმენტში უსაფუძვლო და უარგუმენტო შეფასებებია სასამართლო სისტემის, საკანონმდებლო ცვლილებებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციური არჩევანია, ქვეყანა მზადაა დისკუსიებისთვის თანასწორობის პრინციპით, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის მოწოდების მიუხედავად, არ აპირებს რუსეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას, მეზობლებთან სავიზო რეჟიმის დაწესებასა და მათ მიმართ ევროკავშირის კრიტიკულ განცხადებებთან შეერთებას, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.
"სახელმწიფოს, რომელსაც აქვს 20% ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან; სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია დასავლური, სამხედრო თუ ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა, ასეთ სახელმწიფოს მოუწოდებენ თავის უშუალო მეზობლებთან, ყველასთან თან, თავის ყველა უშუალო მეზობელთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლას. ამ საკითხზეა ხაზგასმა 31-ე თავში. პირველი ეს არის განცხადებებს მიერთება.
საუბარია იმაზე, რას არ მიუერთდა საქართველო. არ მიუერთდა ევროკავშირის დამგმობ განცხადებებს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით, თურქეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის მიმართ, აღარაფერს ვამბობ სხვა მეზობლებზე.
მეორე იყო სავიზო რეჟიმები - ერთი წამით წარმოიდგინეთ სავიზო რეჟიმები ჩვენი მეზობლების მიმართ. ეს წარმოიდგინეთ რა კატასტროფა იქნება ტურიზმისთვის, რა კატასტროფა იქნება ჩვენი, როგორც სავაჭრო დერეფანში საკვანძო სახელმწიფოსთვის.
მესამე საკითხი ეს იყო სანქციები. უკაცრავად, მაგრამ რუსეთის მიმართ იქნება თუ სხვა ქვეყნების მიმართ, ორმხრივი სანქციებს მიერთებას საქართველო არ აპირებს. არ აპირებს ისევ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საფრთხე და იქნება მნიშვნელოვანი დარტყმა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.