დღეს პლენარული სხდომა პარლამენტში პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ევროკომისიის ბოლო ანგარიშზე ისაუბრა. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, დოკუმენტში უსაფუძვლო და უარგუმენტო შეფასებებია სასამართლო სისტემის, საკანონმდებლო ცვლილებებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალას" თავმჯდომარის მოადგილის ეკა სეფაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დიალოგის დაწყების წინაპირობად გარკვეული ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნა უსაფუძვლოა. მისი თქმით, დიალოგის დასაწყებად მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო, რათა მხარეებმა ევროკავშირისთვის პრობლემურ საკითხებსა და კანონებზე მუხლობრივად იმსჯელონ.
"ევროკავშირი ბრალს დებს საქართველოს, რომ ჩვენ არ გვსურს დიალოგის დაწყება და ამ დიალოგის დასაწყებად საქართველომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. ეს არის სრული აბსურდი, ეს არის ევროკავშირის მხრიდან ძალიან მარტივი მანიპულაცია, იმიტომ, რომ დიალოგის დაწყებას არავითარი ნაბიჯები არ სჭირდება, დიალოგის დაწყებას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნება და მრგვალ მაგიდასთან დასხდომა და თუნდაც, ევროკავშირისათვის ამ პრობლემური საკითხების და პრობლემური კანონების მუხლობრივად განხილვა", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.