პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება, სტრატეგიული პარტნიორობა, შუა დერეფნის განვითარება, განათლება და ახალგაზრდული თანამშრომლობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დღის წესრიგში იყო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, ისაუბრეს ურთიერთობების გაღრმავების ახალ შესაძლებლობებსა და მიმართულებებზე, რომლებმაც საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.
5-დღიანი ვიზიტის მასშტაბსა და მნიშვნელობაზე დატვირთული სამუშაო გრაფიკი, მაღალი დონის შეხვედრები და განხილული საკითხების მრავალფეროვნებაც მიუთითებს. ჩინეთში ვიზიტისას, "ქართული ოცნების" დელეგაცია შეხვდა ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრსაც. მხარეებმა თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაძლიერებასა და სამომავლო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ისტორიულთან ერთად, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდულ თანამშრომლობას დაეთმო. ქართულ-ჩინური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის ახალგაზრდობის ფედერაციას შეხვდა. მხარეებმა ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. ვიზიტი ისტორიული აღმოჩნდა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციისთვისაც, რომელიც 2027 წლის ზაფხულში ჩინეთში დაგეგმილ მსოფლიო ახალგაზრდული განვითარების ფორუმში მიიღეს მონაწილეობას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში დღეს ოფიციალურად დასრულდა. ვიზიტის ბოლო დღეს, დელეგაციის წევრები ქალაქ ხანგჭოუში იმყოფებოდნენ, სადაც რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანიის სათავო ოფისი დაათვალიერეს და ჩინეთის ინოვაციურ მიღწევებს გაეცნენ. შეხვედრა გაიმართა ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან. საუბრისას, მხარეებმა ტექნოლოგიურ სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის მზაობა დაადასტურეს.
ავტორი: ნანა გოგატაძე