მეუფე გიორგი, მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ქადაგებისას ქვეყნის პრობლემებზე ისაუბროს და ხელისუფლება გააკრიტიკოს, ისევე როგორც ამას თქვენც აკეთებთ. საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენსა და მეუფე იობის საჯარო განცხადებებს უპასუხონ. ეს უფლება იმ ადამიანებსაც ეკუთვნით, ვისი შეფასებაც თქვენთვის მიუღებელია, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, რომელიც მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.
მეტრეველის თქმით, მისთვის, როგორც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ამომრჩევლისთვის, მეუფე იობის სიტყვები შეურაცხმყოფელია და ბუნებრივია, რომ მოქალაქე ამგვარი განცხადების მოსმენის შემდეგ განაწყენდეს და საკუთარი პოზიცია საჯაროდ გამოხატოს.
"თქვენი თქმით, მეუფე იობმა ხალხს მოუწოდა, მომავალში უკეთესი არჩევანი გააკეთოს. მაგრამ მან ხელისუფლებას "ურწმუნოც" უწოდა. როცა მღვდელმთავარი მთელ ხელისუფლებას ერთიანად "ურწმუნოს" უწოდებს, რა საფუძვლით მსჯელობს ამ ადამიანების რწმენაზე? ჩემთვის, როგორც "ქართული ოცნების" მილიონზე მეტი ამომრჩევლიდან ერთ-ერთისთვის, ეს სიტყვები შეურაცხმყოფელია. თუ მიგაჩნიათ, რომ მეუფე იობის სიტყვები კონტექსტიდან ამოიღეს, მიუთითეთ, ქადაგების რომელი ნაწილი გამოტოვეს და როგორ ცვლის ის ნათქვამის აზრს.
თქვენ ბრძანებთ, რომ ხელისუფლებამ მეუფე იობის წინააღმდეგ "სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანები" ჩართო. რაში იყო საჭირო ამ მანქანის ჩართვა? თავად მეუფე იობის სიტყვებში წყენის საფუძველს ვერ ხედავთ? სრულიად ბუნებრივია, რომ მოქალაქემ ეს მოისმინოს, ეწყინოს და საკუთარი პოზიცია საჯაროდ გამოხატოს. თუ მაინც ამტკიცებთ, რომ ხელისუფლებამ კამპანია მოაწყო, დაასახელეთ, ვინ გასცა დავალება, ვის მისცა და რა მტკიცებულებას ეყრდნობით. ეს მძიმე ბრალდებაა და მისი დასაბუთება თქვენ გევალებათ.
თქვენ ხელისუფლებას უთხარით, ხალხს ზემოდან ნუ უყურებთო. ალბათ, ეს სიტყვები ყველამ საკუთარ თავსაც უნდა მივუსადაგოთ. როცა მოქალაქე მღვდელმთავარს კორექტულად საჯაროდ ეკამათება, მის არგუმენტს უპასუხეთ. რა საფუძვლით უწოდებთ ამ კამათს "ანტიქრისტიანულ კამპანიას"?
გავიმეორებ: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ეკლესიას პატივს სცემდეს და მღვდელმთავრის პოლიტიკურ შეფასებას არ ეთანხმებოდეს", - წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.