აშშ-ის დაზვერვის ახალი მონაცემების თანახმად, ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში თავდასხმის გეგმებს ამუშავებს. საუბარია ე.წ. ბინძური ბომბის აფეთქებაზე ან ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის შვიდ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები კვლავ მსჯელობენ, შეუძლია თუ არა ირანს მსგავსი გეგმის განხორციელება და აპირებს თუ არა ამას.
წყაროების შეფასებით, ამ ეტაპზე ირანის გეგმა უფრო მეტად შესაძლო მოქმედების ვარიანტების მომზადებას ემსახურება და არა მოსალოდნელი, გარდაუვალი თავდასხმის ნიშანს. თუმცა, ორი წყაროს ცნობით, აშშ-ის დაზვერვის მიერ გამოვლენილი დაგეგმვა საკმაოდ კონკრეტულია და თავდასხმის შესაძლო ადგილებსა და სამიზნეებსაც მოიცავს. ამ ინფორმაციამ აშშ-ში უსაფრთხოების ზომებისა და საგანგებო მოქმედებების პროტოკოლის დაჩქარებული შემუშავება გამოიწვია.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ლორენ ბისმა განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ "ყველა შესაძლო საფრთხეს აკვირდება, თუმცა ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე რაიმე საფრთხის არსებობის დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს".
თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირები ამ სადაზვერვო ინფორმაციას ირანის მხრიდან ესკალაციის მზარდი და შემაშფოთებელი მზაობის ნიშანს წოდებენ. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ირანი აშშ-ის მიმდინარე სამხედრო დარტყმებისა და მკაცრი ეკონომიკური ბლოკადის ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებით, ბლოკადა ქვეყანას ანადგურებს.
წყაროების ცნობით, ეს ინფორმაცია აჩვენებს, რომ თეირანი უკვე აქტიურად ამუშავებს აშშ-ის ტერიტორიაზე შესაძლო თავდასხმების გეგმებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ირანმა მათი განხორციელების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
"ნამდვილად ჰყავთ თუ არა მათ ამ გეგმის განსახორციელებლად საჭირო პერსონალი - ეს ჯერ კიდევ სადავო საკითხია", - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.