19 ნოემბერი 2026,   15:40
ვრცლად
პუტინი: ჩვენი ვალდებულებაა, შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ საერთაშორისო სამართლის სისტემა, რომელიც გაეროს დაფუძნებასთან ერთად ჩამოყალიბდა

აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულებულია. შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, ტრამპი, სი ძინპინი და პუტინი ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. მოლაპარაკებები საათ-ნახევარი გაგრძელდა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ლიდერების ვალდებულებაა შეინარჩუნონ და განამტკიცონ გაეროს დაფუძნებასთან ერთად ჩამოყალიბებული საერთაშორისო სამართლის სისტემა და დაიცვან გაეროს წესდებით განსაზღვრული წესრიგი.

"ჩვენი ვალდებულებაა, შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ საერთაშორისო სამართლის სისტემა, რომელიც გაეროს დაფუძნებასთან ერთად ჩამოყალიბდა. ეს გულისხმობს გაეროს წესდებითა და მასში განმტკიცებული პრინციპებით განსაზღვრული საერთაშორისო წესრიგის დაცვას. რა თქმა უნდა, უნდა განვიხილოთ გლობალური და რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები," - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

შეხვედრის დაწყებამდე ლიდერებმა საერთაშორისო უსაფრთხოების, ბირთვული შეიარაღების კონტროლისა და უკრაინაში ომის საკითხებზე ისაუბრეს. სი ძინპინმა სამმხრივ შეხვედრას ისტორიული მნიშვნელობის უწოდა და დიდი სახელმწიფოების ურთიერთობის ოთხ ძირითად პრინციპზე გაამახვილა ყურადღება - ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი თანაარსებობა, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა და დიალოგის შენარჩუნება.

შეხვედრას წინ უძღოდა ტრამპის ორმხრივი მოლაპარაკებები სი ძინპინთან და ვლადიმირ პუტინთან. კონკრეტული შედეგისა ან შეთანხმებების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

დღის ამბები