21 ნოემბერი 2026,   11:52
ვრცლად
გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ მამაკაცზე: დამწვრობასთან ერთად სასუნთქი გზების დაზიანება აქვს, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმედ რჩება, თუმცა სტაბილურ მდგომარეობას ვინარჩუნებთ

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ხვალ საქართველოში გლოვის დღეა. შემთხვევის ადგილზე კვლავ ექსპერტ-კრიმინალისტები და სპეციალისტები მუშაობენ. მეხანძრე-მაშველებს კი, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მოსახლეობა კორპუსში შეჰყავთ და პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან.

ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან ნგრევის შედეგად დაშავებულები. სტაბილურია მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა. რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ მათი კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში მყოფ 31 წლის მამაკაცს, დამწვრობასთან ერთად სასუნთქი გზების დაზიანება აქვს. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ექიმები სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებენ.

"ჩვენთან, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში იმყოფება 31 წლის მამაკაცი დამწვრობით. მას აღენიშნება მასშტაბური 87%-იანი დამწვრობა, დამწვრობასთან ერთად აქვს სასუნთქი გზების დაზიანება. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ამ წუთისათვის მისი მდგომარეობა არის უცვლელი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ რჩება, თუმცა მის სტაბილურ მდგომარეობას ვინარჩუნებთ.

დიდი ალბათობით მან ტრავმა მიიღო გაზის აფეთქების შედეგად. განაგრძობს სპეციფიურ მკურნალობას, მიმდინარეობს შეხვევები და შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა,"- აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

კორპუსიდან ევაკუირებული მოქალაქეები სასტუმროში არიან გადაყვანილი. გუშინ გავრცელდა ბიძინა და ეკატრეინა ივანიშვილების სამძიმრის წერილი, საიდანაც ცნობილი გახდა რომ ივანიშვილები, ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს ბინებს შეუძენენ.

დღის ამბები