პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ცენტრში, გადაუღებელი წვიმის მიუხედავად, საპროტესტო მსვლელობაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქტივისტები ცხოვრების გაძვირებას, საცხოვრებლის კრიზისის გაღრმავებასა და დაბალ ხელფასებს აპროტესტებდნენ.
აქციის ორგანიზატორმა, პორტუგალიის უმსხვილესმა პროფკავშირულმა გაერთიანებამ, CGTP-მ, ხელფასებისა და პენსიების გაზრდა, პირველადი მოხმარების საქონელსა და მომსახურებაზე ფასების შემცირება, ასევე საცხოვრებლის გაძვირების შესაკავებლად შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვა.
CGTP-ის განცხადებით, საპროტესტო აქციაში "მრავალი ათასი" ადამიანი მონაწილეობდა. ამასთან, პოლიციას აქციის მონაწილეთა რაოდენობის შესახებ შეფასება არ გაუკეთებია.
პორტუგალიაში, უკვე რამდენიმე კვირაა, საპროტესტო აქციები ტარდება, რომელიც ძირითადად საცხოვრებლის პრობლემებსა და გაძვირებულ ცხოვრებას უკავშირდება. აქტივისტებს, ადრე, ლისაბონსა და პორტუში კარვების ბანაკებიც ჰქონდათ მოწყობილი.