სამართლებრივი კუთხით მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია სუროგაცია, სწორედ ამიტომაც არის მსოფლიოს უდიდეს ნაწილში, უმრავლეს ქვეყნებში აკრძალული, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.
დავით მათიკაშვილის თქმით, სუროგაცია დაკავშირებულია ტრეფიკინგის, ქალების ექსპლუატაციის, ორგანოთა ვაჭრობის რისკებთან და სწორედ ამიტომ მიიღო სახელმწიფომ აკრძალვის გადაწყვეტილება.
"სამართლებრივი კუთხით, მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია სუროგაცია, სწორედ ამიტომაც არის მსოფლიოს უდიდეს ნაწილში აკრძალული ის. ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, არსად არ დაიშვება სუროგაცია. პირიქით, დანაშაულადაც კი არის ცალკეულ ქვეყნებში მიჩნეული. აქ არის საუბარი ტრეფიკინგის რისკზე, ქალების ექსპლუატაციის, ორგანოთა ვაჭრობის და ასე შემდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაზღვეული. სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფომ, რომ აიკრძალოს სუროგაცია საქართველოში, შესაბამისი კანონპროექტი იქნება პარლამენტისთვის წარდგენილი. განხილვის დროს, ბუნებრივია, იქნება მსჯელობა ამ საკითხებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნის გამოცდილება და პრაქტიკა.
სტატისტიკას უნდა დავეყრდნოთ - სტატისტიკური მონაცემებით, 90%-ზე მეტი, 95% პრაქტიკულად საქართველოს არამოქალაქეების, უცხოელების მიერ გამოიყენებოდა ეს პრაქტიკა. ეს არ ეხება ინვიტრო განაყოფიერებას, ეს მინდა კიდევ საზოგადოებას ვუთხრა და ხაზი გავუსვა, რათა ერთმანეთში ამ ორ მოცემულობას ნუ აურევენ, რადგანაც ინვიტრო განაყოფიერება როგორი წესითაც წესრიგდებოდა საკანონმდებლო დონეზე, ასე გაგრძელდება და მას ბუნებრივია ეს არ შეეხება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ ინიციატივაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება.
სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად მმართველი გუნდი ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს ასახელებს. ინიციატივის ავტორები განმარტავენ, რომ აკრძალვა შეეხება მხოლოდ სუროგაციას და ეს არა ინვიტრო განაყოფიერებას. სიახლის შესახებ პირველი განცხადება გუშინ უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა.