22 ნოემბერი 2026,   21:55
ვრცლად
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათმა ოპონენტებმა სასამართლო დარბაზი პაექრობის ეტაპზეც პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენეს

ოპოზიციის თვითუარყოფის რეკორდი: მამლის ყივილის დათვლამ აზრი კვირის დასაწყისშივე დაკარგა. საკუთარ თავთან გამიჯვნის ფორმულა ამჯერად ნიკა გვარამიამ აჩვენა, რომელმაც ჯერ აქციების ორგანიზებაში მონაწილეობა უარყო, შემდეგ კი საკუთარ კოალიციაში შემავალი "დროა."

მოსამართლემ გვარამიას ელენე ხოშტარიას განცხადება შეახსენა, სადაც ის ადასტურებს, რომ "დროას" ოფისიდან ამოღებული აღჭურვილობა პოლიციელებზე თავდასხმისთვის სჭირდებოდათ. პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი შტურმი, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა და არჩევნების შედეგები - მეცამეტე სხდომაზე კითხვები არაერთ საკითხზე დაისვა.

ყოფილი და მოქმედი ნაციონალების შემდეგ, მოსამართლეთა კითხვების ადრესატი პარტია "ლელო" იყო. ჰქონდა თუ არა ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიას არჩევნების დისკრედიტაცია წინასწარ განზრახული? საერთაშორისო სანქციების მოთხოვნა, 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქცია, ტერორიზმის მცდელობაში ბრალდებული ალეკო ელისაშვილის საქმე - შეცვლილი რიტორიკით, წარსულისგან თავის არიდებაში ნიკა გვარამიას არც "ლელო" ჩამორჩა.

ის, რასაც უახლესი წარსული და არქივი ინახავს, "ლელომ" დაივიწყა. მათ შორის მოწოდება: "დილით არჩევნებზე, საღამოს აქციაზე" - სასამართლოზე "ლელოს" წევრებმა ეს ფაქტიც უარყვეს და ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირების დანაშაულებიც.

ჯერი გახარიას პარტიაზე მიდგა. 4 ოქტომბრის არშემდგარი გადატრიალება რომ პარლამენტში შესვლისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, პარტიამ მაშინ თავად აღიარა, თუმცა ახლა, სასამართლოს წინაშე, უარყო. ბერდია სიჭინავას ნათქვამი გიორგი გახარიას განცხადებებს არც 20 ივნისის მოვლენებზე დაემთხვა და არც მისი გადადგომის მიზეზებზე.

მიმდინარე კვირაში, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს, მოვლენათა ქრონოლოგიის შესაბამისად, ის მტკიცებულებები წარუდგინა, რომელიც ასაკრძალთა სიაში მყოფი პარტიების ანტიკონსტიტუციურ მიზნებსა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ამხელს. პარლამენტის შენობასთან გამართული ძალადობრივი აქცია, პარლამენტის დაზიანებული შენობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 დაშავებული თანამშრომელი, პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების მუხლით დაკავებული 6 პირი, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც პოლიციის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა და სამართალდამცველებს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა. ოპოზიციამ ძალადობა არ დაგმო, მეტიც - მისი გათავისუფლების მოთხოვნა პრიორიტეტად აქცია და სალომე ზურაბიშვილისგან მისი შეწყალებაც კატეგორიულად მოითხოვა.

არჩევნების შედეგების გაპროტესტება, 28 ნოემბერს პროტესტის ახალი ტალღა, სამართალდამცველებთან დაპირისპირება, პარლამენტში ხანძრის გაჩენის მცდელობები, ბარიკადები, შსს-ს 113 დაშავებული თანამშრომელი და 33 პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი - მტკიცებულებათა შორის მოხვდა ოპოზიციის მუქარის შემცველი განცხადებებიც.

კონსტიტუციური წყობილებისს დამხობის არაერთი მცდელობა - მოსარჩელე მხარის განცხადებით, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის დასტურია, თუ როგორ მოქმედებდა 5 პოლიტიკური სუბიექტი წლების განმავლობაში სინქრონულად და კოორდინირებულად.

მოპასუხე მხარეს წარსულის გახსენება არ სურს. პაექრობის ეტაპის მეორე დღეს, კამათის მიზეზი გახდა აგვისტოს ომი და ევროსაბჭოს რეზოლუციის სადავო პუნქტებიც. ყოფილ და მოქმედ ნაციონალებს არც მათ სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებზე სტრასბურგის გადაწყვეტილებების შეხსენება მოეწონათ. გამიჯვნაც ბევრჯერ სცადეს და თავის მართლებაც. მეტიც, გაირკვა, რომ ნიკა გვარამიასთვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2-ის" საქმეზე - მცდარია.

ჯერი მოპასუხე მხარეზე დადგა. ყოფილი სახელისუფლებო პარტია საკუთარ დანაშაულებს კითხვების დროსაც უარყოფდა.

მოსარჩელე მხარე მოპასუხის კითხვებს სამართლებრივ ნონსენსად აფასებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათმა ოპონენტებმა სასამართლო დარბაზი პაექრობის ეტაპზეც პოლიტიკური განცხადებებისთვის არაერთხელ გამოიყენეს.

პლენუმი კონსტიტუციური სარჩელის არსებით განხილვას განაგრძობს. მოსამართლეები, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები ბათუმში სამშაბათს შეიკრიბებიან. პროცესი ისევ პაექრობით გაგრძელდება.

დღის ამბები