26 ნოემბერი 2026,   12:19
ვრცლად
ერევანში მე-7 სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობს - ღონისძიება ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს

ერევანი მე-7 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს.
ღონისძიება, რომელიც ორ ქვეყანას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის უმთავრეს პლატფორმას წარმოადგენს, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა სამართლებრივი ფორუმის მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის იუსტიციის სისტემის განვითარების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში. პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის და რეგიონის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

"ჩვენი გამოცდილების გაზიარება, საერთო გამოწვევებზე ერთობლივი მსჯელობა და წარმატებული პრაქტიკის დანერგვა არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მთლიანად რეგიონის სამართლებრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უწყობს ხელს", – აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიამ იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი საფუძველს ჩაუყრის ახალ იდეებს, ერთობლივ ინიციატივებსა და გრძელვადიან პარტნიორობას.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. წლევანდელი, რიგით მე-7 ფორუმი ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. ღონისძიების მონაწილეები თემატური სესიების ფარგლებში იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები, ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება მართლმსაჯულების სფეროში.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის თემატურ სესიებში მონაწილეობენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები, აგრეთვე, ორი ქვეყნის მთავრობების ადმინისტრაციის, გენერალური პროკურატურების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე მომუშავე სპეციალისტები.

დღის ამბები