26 ნოემბერი 2026,   15:29
ვრცლად
ამ ქსელის გაცხადებული მიზანი იყო ადამიანების დამოკიდებულების და ქცევის შეცვლა... NGO-ების თითოეულმა წარმომადგენელმა უნდა გვითხრას, ხელმოწერილი აგენტები არიან თუ სასარგებლო იდიოტები - შალვა პაპუაშვილი USAID-ის გასაჯაროებულ დოკუმენტებზე

"NGO-ს თითოეულმა წარმომადგენელმა უნდა გვითხრას, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ, იცოდნენ თუ არა, რომ ამ კრიმინალური სინდიკატის ნაწილი იყვნენ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა USAID-ის გასაჯაროებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, აღნიშნული ქსელის გაცხადებული მიზანი ადამიანების დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლა იყო.

"ვიცით ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობდნენ, საინფორმაციო ომში იყვნენ ჩართულნი, ეს ორგანიზაციები, მათ შორის ე.წ. კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის, რომელსაც ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელი კურირებდა, ორგანიზებას უწევდა ბრიტანული კომპანია "ზინკი" , რომელშიც ჩართულნი იყვნენ სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივნის - ბოკერიას მოადგილე, თამარ კინწურაშვილის, სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის NGO, ანუ მთელი "ნაცელიტა", რომლებიც უცხოეთის დაკვეთით მუშაობენ. ჩართული იყო ISFED-ი და ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს წინააღმდეგ.

ამ ქსელის გაცხადებული მიზანი იყო, რაც დოკუმენტურად დასტურდება, ადამიანების დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლა. ეს არის პროპაგანდისტული ქსელი, რომელიც გამოიყენებოდა უცხოური საინფორმაციო თავდასხმისთვის.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ ქსელს იყენებდა ევროკავშირი, ეს დასტურდება, მათ შორის 2024 წლის არჩევნებით. არჩევნების წინ ამ ქსელის გამოყენებით ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი ჩარეული იყო არჩევნებში და ეწეოდა საარჩევნო აგიტაციას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.

ISFED-ის, MDF-ის, IDFI-ის, SovLab-ის და ასე შემდეგ, ამ 13 NGO თანამშრომლები და მათი ლიდერები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ ქცევაში, იცოდნენ თუ არა ეს. ან უცხოური სახელმწიფოსა და სპეცსამსახურების ხელმოწერილი აგენტები არიან, ან სასარგებლო იდიოტები.

ამიტომ, ამ NGO-ს თითოეულმა წარმომადგენელმა უნდა გვითხრას, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ, იცოდნენ თუ არა, რომ ამ ქსელის, ამ კრიმინალური სინდიკატის ნაწილი იყვნენ. არიან ხელმოწერილი აგენტები თუ სასარგებლო იდიოტები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა 248 შიდა ფაილი და 1200-ს გვერდიან დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლითაც ირკვევა, რომ 2008-იდან 2025 წლამდე საქართველოში USAID -ის გრანტების სახით მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი "არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს" მოხმარდა. გასაჯაროებული მასალებით, პროგრამის სქემებითა და დოკუმენტებით მტკიცდება, რომ USAID-ს საქართველოში შექმნილი ჰქონდა პროპაგანდისტული ქსელი, რომელშიც შედიოდნენ ადგილობრივი NGO-ები, მედია და ექსპერტები, ასევე სოცქსელების კომპანიები.

დღის ამბები