27 ნოემბერი 2026,   16:37
ვრცლად
სულხან თამაზაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც რეალურად გუშინ ძალიან დიდი მოსალოდნელი საფრთხე აგვარიდეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა გუშინ ბათუმში "ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელ ბეერ-შევას" მატჩის დროს გულშემატკივრების დაპირისპირების დეესკალაციისა და ღირსეულად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისთვის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც, რეალურად, გუშინ ძალიან დიდი მოსალოდნელი საფრთხე აგვარიდეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას. ჩვენი ამოცანა იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ვთვლი, რომ ამ ამოცანას ღირსეულად გაართვეს თავი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო.

გდდ-ს ოთხმა თანამშრომელმა, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო და ვუსურვებ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას", - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, ბათუმში "ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელ ბეერ-შევას" მატჩის დროს გულშემატკივრები თამაშის მსვლელობისას ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

უთანხმოება ჯერ ქუჩაში დაიწყო, შემდეგ კი სტადიონზეც გადაინაცვლა. აგრესიულად განწყობილმა გულშემატკივრებმა სტადიონზე არსებული სკამები და სხვა ინვენტარი დააზიანეს. არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელებს, არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 პოლიციელი, 16 ადამიანი კი დააკავეს.

დაპირისპირების გამო თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. შეგახსენებთ, რომ მატჩი "ბეშიქთაშის" მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა თურქეთის ხელისუფლების რეკომენდაციით უეფას აცნობეს, რომ უსაფრთხოების რისკების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო.

უეფამ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ თამაშის ნეიტრალურ მოედანზე - ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები