საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას.
საუბრისას განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამოწვევები და მათ მოგვარებაზე მუშაობის მზაობა დაადასტურეს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის აღდგენის მნიშვნელობაზე.
საუბარი, აგრეთვე, შეეხო საპარლამენტო კავშირების შემდგომი გააქტიურების საკითხს. შალვა პაპუაშვილმა დადებითად გაიხსენა წელს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეის ფარგლებში, თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილთან გამართული ნაყოფიერი შეხვედრა და კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურა.
შეხვედრაზე, ასევე, ლონდონში დაგეგმილი ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.