08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
ბრიუსელის ტერაქტების დროს დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

ევროსტრუქტურებში, ბრიუსელის ცენტრსა და კათედრალში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულებს. ცერემონიალი ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გაიმართა. სპეციალურად ცერემონიალზე დასასწრებად ევროკომისიაში სამეფო ოჯახი, ქვეყნის პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი მივიდნენ.

ცერემონიალის შემდეგ  გაიმართა ბრიფინგიც. ჟურნალისტების მხრიდან საკმაოდ მკაცრი შეკითხვები დაისვა. მედიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ გადაიხედება თუ არა ევროკავშირის პოლიტიკა და შეიქმნება თუ არა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივი ანტიტერორისტული სააგენტო.

„ტერორისტებმა გუშინ ევროპის გულზე მიიტანეს იერიში. დაიღუპა უდანაშაულო ხალხი. იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დღეს საავადმყოფოებში იმყოფებიან, ჩვენი თანამშრომლებიც არიან. როგორც იცით გუშინდელი აფეთქებების შემდეგ ევროკომისიამ სხვა ინსტიტუტებთან შეთანხმებით შენობების დაცვა გააძლიერა. აქ შემოსვლა უკვე მკაცრად კონტროლდება. უსაფრთხოების ზომები ძალაში რჩება, მაგრამ ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ. სერიოზული გამოცდის წინაშე ვდგავართ და საჭიროა ერთიანობა. ევროკომისია მზადაა დაეხმაროს საგამოძიებო უწყებებს ტერორიზმთან ბრძოლაში,”-განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა თამარ გრიგირიევამ.

ევროკომისარმა  მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საქმეთა საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აუცილებელია მეტი კომუნიკაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალოვან უწყებებს შორის.

„სამწუხაროდ ტერაქტები მხოლოდ ევროპის ქვეყნებში არ ხდება და სია ამ ქვეყნების თანდათან იზრდება, მაგრამ ჩვენ ჩვენ უფრო ერთიანი და ძლიერი ვხდებით. ვერავინ შეძლებს ჩვენს დაყოფას. რაც ბრიუსელში მოხდა, მიგვანიშნებს, რომ საჭიროა მეტი კოორდინაცია და ინფორმაციის გაცვლა. ფაქტია, რომ პოლიციისთვის ცნობილი იყო პარიზის და ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილთა ვინაობა, ამიტომ ინფორმაციის შეგროვება და გაცვლა ჩვენი უსაფრთხოების მთავარი ელემენტებია,”-განაცხადა, ევროკომისარმა  მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საქმეთა საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა.



დღის ამბები