08 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის მისაღებად მზად არის

მიგრანტების კრიზისის გამო ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს წინადადებების ახალი პაკეტი წარუდგინა, რომელიც უვიზო რეჟიმის შეჩერების არსებულ მექანიზმებს სრულყოფილს გახდის. დოკუმენტს საბჭო განიხილავს და სავარაუდოდ მხარსაც დაუჭერს. ეს მექანიზმი უკვე იყო თუმცა არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ მექანიზმი გახდეს უფრო ეფექტური და საჭიროების შემთხვევაში სწრაფად იქნეს ამოქმედებული. საქმე შეეხება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი თუმცა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა აქვს.

“ვიზალიბერალიზაცია მომგებიანია, მაგრამ არსებობს გარკვეული რისკებიც. სავიზო რეჟიმის გაუქმება ითვალისწინებს ტურისტების მოკლე ვადიან დარჩენას. მაგრამ დარღვევისთვის უკვე არსებობს შეჩერების მექანიზმი, რომლის ამოქმედება სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამიტომ წარმოვადგინეთ ახალი პაკეტი, რომელიც არსებული მექანიზმის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ასე რომ, თუ რაიმე მოულოდნელობის წინაშე აღმოვჩნდებით, სწრაფი რეაგირების საშუალება გვექნება” - განაცხადა უსაფრთხოებისა და იუსტიციის საკითხებში ნიდერლანდების სახელმწიფო მდივანმა კლაას დიჯკოფიმ.

ასევე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიუბომირ ზაორალეკის თქმით, საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხშიც წარმატებას მიაღწევს.

“საქართველომ შეასრულა მოთხოვნები და ვალდებული ვართ, ჩვენც შევასრულოთ დაპირება ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასაწყებად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს შეუძლია კარგი შედეგი აჩვენოს, ჩვენ კი გავაკეთოთ ის რასაც დავპირდით. ეს იყო შეთანხმება ჩვენს შორის და ორივე მხარემ უნდა შეასრულოს პირობები. ჩეხეთი ყოველთვის უჭერს მხარს თქვენს ქვეყანას და ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხშიც წარმატებას მიაღწევს” - აღნიშნა ლიუბომირ ზაორალეკიმ.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსი თქმით, საქართველომ შესაძლებელია მიიღოს ვიზალიბერალიზაცია.

“საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას და იმედი მაქვს ეს საკითხი მშვიდად გაივლის ევროპულს სტრუქტურებს. საქართველომ შეასრულა ყველა საშინაო დავალება და შესაძლებელია მიიღოს ვიზა ლიბერალიზაცია. ამის გაკეთება წელს, რაც შეიძლება უფრო ადრეც სავსებით შეიძლება“ - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

დღის ამბები