16 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
საქართველოსთან ურთიერთობა და არაღიარების პოლიტიკა - ანალიტიკოსთა რჩევები აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას

შეერთებულმა შტატებმა კვლავაც უარი უნდა თქვას მოსკოვის მოთხოვნაზე, რომ საქართველოს რეგიონები - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ჰადსონის ინსტიტუტის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ცენტრის დირექტორმა, რიჩარდ უეითზმა მოამზადა.

ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს შეერთებული შტატების მომავალი ადმინისტრაციისთვის, თუ რა უნდა გააკეთოს უსაფრთხოების სფეროში ამერიკულ-ქართული პარტნიორობის გასაძლიერებლად. ერთ-ერთი რეკომენდაცია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ეხება.

“შეერთებული შტატების შემდეგმა ადმინისტრაციამ უნდა გააფართოოს დღევანდელი არაღიარების პოლიტიკა ამ რეგიონების მიმართ, გრძელვადიანი დეოკუპაციის პოლიტიკის შემუშავებით. შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტი ვაშინგტონში, ასევე რეგიონში, ქართველ ლიდერებს რეგულარულად უნდა ხვდებოდნენ. მომავალმა ადმინისტრაციამ უნდა დაადასტუროს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და დასავლეთთან ინტეგრაცია ამერიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიზანია,” - ნათქვამია ანგარიშში.

რეკომენდაციები ასევე მომავალი პრეზიდენტის და კონგრესის მიერ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას ეხება.

“არ იქნებოდა მართებული, საქართველოს მონაწილეობის გარეშე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებთან გამკლავება. მისი გეოგრაფიული მდებარეობის და რეგიონული უსაფრთხოების გათვალისწინებით, ვფიქრობ ის ჩართული უნდა იყოს შავ ზღვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ძალისხმევაში,“ - აცხადებს ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი რიჩარდ უეითზი.

იმის მიუხედავად, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც მინისტერიალის დასრულების შემდეგ საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა, თუმცა კონკრეტულად არაფერი უთქვამს შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვაში საქართველოს როლზე, ამერიკელი სპეციალისტები თვლიან, რომ ამ პროცესში საქართველო და უკრაინაც უნდა იყვნენ ჩართულები.

ამასთან, ატლანტიკური საბჭოს სპეციალისტი არიელ კოენი საუბრობს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის გაძლიერების აუცილებლობაზე.

“საქართველო უნდა იყოს ნებისმიერი იმ სტრუქტურის ნაწილი, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის იქმნება. საქართველო ხომ ბოლო 3000 წელია შავი ზღვის ქვეყანაა. გარდა ამისა, საქართველომ უნდა იფიქროს მის საკუთარ სამხედრო-საზღვაო პოტენციალზე. ვიცი, რომ ეს ძალიან ძვირია, მაგრამ სხვა არჩევანი არ არის. საქართველომ უნდა შეძლოს მისი საზღვრების დაცვა, რომელიც საზღვაო საზღვრებსაც მოიცავს,” - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს წევრმა არიელ კოენმა.

დღის ამბები