21 დეკემბერი 2024,   16:33
ვრცლად
როგორ მოქმედებს ელექტრონულ მოწყობილობების გამოყენება ბავშვების ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე და რა ასაკამდე არ უნდა ჰქონდეთ მათ სმარტფონთან წვდომა - ფსიქოლოგის რეკომენდაციები 

21-ე საუკუნის პანდემია - ასე უწოდებენ სპეციალისტები სმარტფონებისა და ციფრულ მოწყობილობების გადამეტებული დროით გამოყენებას. ისინი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა.

გაჯეტებზე, მობილურსა თუ სხვა მოწყობილობებზე მკვეთრად შესამჩნევი დამოკიდებულება არ გვხვდება მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებში. აქ პრობლემა მწვავედ დგას ბავშვების შემთხვევაშიც. როგორ ზემოქმედებს გაჯეტების გამოყენება ბავშვების ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე - ფსიქოლოგი, ირმა როსტომაშვილი ამ საკითხზე დეტალურად საუბრობს და მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს.

ფიქრობთ თუ არა, რომ გაჯეტების და მობილური მოწყობილობების გამოყენება 21 საუკუნის დაავადებადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ?

“ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ გაჯეტების უარყოფით გავლენაზე, ყოველთვის ვგულისხმობთ მათ არამიზნობრივ და გადამეტებულ გამოყენებას, ეს კი 21-ე საუკუნის პანდემიადაც მიიჩნევა. სმარტფონების ხანგრძლივი დროით გამოყენება უარყოფითად აისახება ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ფუნქციონირებაზე. სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ სმარტფონების არამიზნობრივი და ხშირი გამოყენება კავშირშია ძილის დარღვევებთან, დეპრესიასთან, სტრესთან და ბრაზის მართვის სირთულეებთან, უარყოფითად აისახება აკადემიურ, პროფესიულ, სოციალურ ფუნქციონირებაზე და ა.შ. იწვევს დამოკიდებულებას. დღეს უკვე არსებობს ტერმინი "ნომოფობია“, რომელიც მობილური ტელეფონის გარეშე ყოფნის, ან რაიმე მიზეზით მასზე მიუწვდომლობის გამო გაჩენილ შიშს, ბრაზს აღნიშნავს.”

რამდენად აქტუალურად დგას ეს პრობლემა ბავშვებსა და მოზარდებში?

“პრობლემა აქტუალურია ყველა ასაკის ბავშვებში, თუმცა მშობლების ჩართულობით ადრეულ ასაკში გაცილებით ადვილია იმ დროის მართვა, რა პერიოდითაც მოიხმარს ბავშვი ტელეფონს. საშუალო სკოლის ასაკის ბავშვები ინტერესდებიან თამაშებით, რომლებიც პირდაპირ იწვევს დამოკიდებულებას, ხოლო თინეიჯერები კიდევ უფრო მეტად ეჯაჭვებიან მოწყობილობებს - მოზარდებისთვის, საკუთარი თავის ძიებისა და დამკვიდრების პროცესში, მნიშვნელოვანი ხდება სოციალიზაცია და ადამიანებთან კომუნიკაცია, ამ ყველაფერს აადვილებს სმარტფონები. საბოლოო ჯამში კი ეკრანთან ზედმეტი დროის გატარებამ შესაძლოა, სოციალური იზოლაციისკენ უბიძგოს მოზარდს.“

რამდენად საზიანოა ბავშვებისთვის გაჯეტების გამოყენება?

“ბავშვებისთვის, მით უმეტეს თუკი პატარა ჯერ არ მეტყველებს, გაჯეტების გამოყენება გაცილებით საზიანოა. კვლევებით დასტურდება, რომ ის შესაძლოა გახდეს მეტყველების შეფერხების/გადავადების მიზეზი, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ბავშვები უყურებენ და უსმენენ ვიდეოებს სხვადასხვა უცხო ენაზე, ეს კიდევ უფრო ართულებს მეტყველების დაწყების პროცესს. ასევე, რაც ისედაც ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტია, იწვევს მხედველობის პრობლემებს. სმარტფონების გადამეტებული გამოყენება ბავშვებს სოციალური და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში უშლის ხელს, იკლებს ფიზიკური აქტიურობაც, რაც ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია. ბავშვი ეჯაჭვება მოწყობილობებს და თანატოლებთან თამაშის ნაცვლად, დროის მეტ ნაწილს ეკრანთან ატარებს, ხოლო რა სახის ინფორმაციასაც იქიდან იღებს, სამწუხაროდ, ძირითადად არ ემსახურება მის განვითარებას.”

რა შეცდომას უშვებენ ხშირად მშობლები, ამ საკითხთან მიმართებაში?

“მშობლების უმეტეს ნაწილს ძალიან უჭირს გააკონტროლოს ბავშვების წვდომა მობილურ ტელეფონებთან. ხანდახან სამსახურისგან თუ სხვა ცხოვრებისეული პრობლემებისგან ისეთი დაღლილია მშობელი, რომ აღარ აქვს შეწინააღმდეგების ძალა და რესურსი შვილთან, რომელიც გაუჩერებლად ითხოვს ტელეფონს. მის დასამშვიდებლად თანხმდება და შემდგომ უკვე ბავშვიც დაისწავლის, რომ თუ შეაწუხებს მშობელს, მიიღებს სასურველ ნივთს. ამის შემდეგ ძალიან ძნელია მშობელმა შეცვალოს მიდგომა, ამიტომ თავიდანვე უნდა ეცადოს, დააწესოს გარკვეული შეზღუდვები და წესები, თუ რა შემთხვევაში და რა დროით შეუძლია ბავშვს ისარგებლოს სმარტფონით, მნიშვნელოვანია მშობელი თავად ყოველთვის იცავდეს ამ წესს და ბავშვსაც ჩამოუყალიბოს სწორი მოლოდინები.“

რამდენად ხშირად მიმართავენ მშობლები სპეციალისტებს დახმარებისთვის?

“მშობლები მუდმივად გამოთქვამენ წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი შვილი მიჯაჭვულია ეკრანს, თამაშში ათენებს და ამის გამო სკოლაში ჩამორჩება აკადემიურად, აღენიშნება დეპრესიული ფონი, გაღიზიანება და ა.შ.”

რა ასაკიდან და დღეში რამდენი წუთი შეიძლება გამოუყოს მშობელმა გაჯეტზე წვდომა ბავშვს?

"ყოველდღიური რეალობიდან გამომდინარე ძალიან ძნელია ბავშვები სრულად მოვარიდოთ ეკრანებს, მაგრამ სასურველია ბავშვს არ ჰქონდეს სმარტფონთან წვდომა 2 წლამდე მაინც, მით უმეტეს, თუ მეტყველების დაწყება შეყოვნებულია. თუ მაინც ახერხებს პატარა მობილური ტელეფონის მოპოვებას, სასურველია თითო ჯერზე 15 წუთზე მეტხანს თუ არ დავუტოვებთ.“

შეიძლება თუ არა აუტიზმის მიზეზი გახდეს? ან სხვა რა დაავადებას იწვევს?

“გაჯეტების გამოყენება არ იწვევს აუტიზმს, სხვადასხვა კვლევებში ამ ფაქტორს განიხილავენ გენეტიკურ და სხვა გარემო ფაქტორებთან ერთობლიობაში, თუმცა არ დასტურდება პირდაპირი კავშირი გაჯეტების მოხმარებასა და აუტიზმს შორის."

დაძინებამდე რამდენი ხნით ადრე არის რეკომენდებული მობილური ტელეფონიდან ან ეკრანიდან შორს ყოფნა?

“სასურველია ბავშვმა დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე მაინც შეწყვიტოს ეკრანის ყურება. ცნობილია, რომ ამ დროს იკლებს ძილის ჰორმონის - მელატონინის გამომუშავება, ხოლო არასრულფასოვანი ძილი პირდაპირ კავშირშია სხვა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან, რაზეც ზევით ვისაუბრეთ.“

რა რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს?

"არ ვემხრობი გაჯეტების სრულიად აკრძალვას ბავშვისთვის, თუმცა , რა თქმა უნდა გარკვეული ასაკიდან. მათ დადებითი ზეგავლენაც აქვთ სწორი გამოყენების შემთხვევაში - უამრავი განმავითარებელი აქტივობა და დამხმარე სასწავლო მასალაა ხელმისაწვდომი. მშობლებს ვურჩევ თავიდანვე დააწესონ გარკვეული შეზღუდვები, როგორც ეკრანთან გატარებული დროის ხანგრძლივობასთან, ასევე, ეკრანიდან მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მშობლებს შეუძლიათ მართონ მოწყობილობა ისე, რომ ბავშვს არ ჰქონდეს წვდომა არასასურველ შინაარსზე და ეს ტექნიკური ნაწილია. ვურჩევდი, შესაძლებლობის ფარგლებში, მეტი დრო გაატარონ შვილებთან და ერთობლივად დაკავდნენ რაიმე აქტივობით სახლში და გარე სივრცეში, დაეხმარონ ბავშვს საკუთარი ინტერესების სფეროს გარკვევაში და იმ მიმართულებით წაახალისონ და ხელი შეუწყონ მის აქტიურობას. ეს ყველაფერი მცირე დროს დაუტოვებს ეკრანთან გასატარებლად.”

გაჯეტების გარდა, არის თუ არა იგივე ზიანის მომტანი ტელევიზორი?

“ტელევიზორი ნაკლები ზიანის მომტანად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ იმ კუთხით, რომ არ იწვევს იმგვარ დამოკიდებულებას, როგორც სმარტფონები, რომლებსაც, ძირითადად, თამაშის გამო არიან ხოლმე მიჯაჭვულები, ამასთან, არასასურველი და საზიანო შინაარსის ინფორმაციისგან ნაკლებადაა დაცული ბავშვი სმარტფონების შემთხვევაში. რაც შეეხება ეკრანს და გამოსხივებას, ორივე ერთნაირად საზიანოა და სასურველია ტელევიზორთან გატარებული დროც გაკონტროლდეს.“

 

დღის ამბები